დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირების ჩართვის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროში, საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე უკვე არსებობს იმუნიზაციის ექსპერტთა რეკომენდაცია. ამის შესახებ იმნაძემ „პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.
„ეს არის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება. ახლა ეს უნდა გავიდეს, ასე ვთქვათ, დიდ საბჭოზე სამინისტროში და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, ორჯერ ვაქცინირებული პირები გარკვეული ბენეფიტებით ისარგებლებენ.
„ისე, როგორც, მაგალითად, ისრაელში, სადაც მიაღწიეს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აიცრა და ამიტომ რეგულაციები ძალიან შემსუბუქდა, ეს იქნება, როცა მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მაგრამ ინდივიდუალური ბენეფიტებით ისარგებლებენ ორჯერ აცრილები. დღესაც მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ორჯერ აცრილი ადამიანი თავისუფლად შემოდის PCR-ტესტის გარეშე. ასე იქნება ძალიან ბევრ ქვეყანაში მგზავრობა. ასევე, შეიძლება, ორჯერ აცრილი ადამიანებისათვის სხვა ბენეფიტებიც იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.