„გადადით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“ – საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია საჯარო და კერძო სექტორს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ასევე, საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

ამასთა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე.

„საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებელს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით 9 აპრილს მიმართა, 4-11 მაისი კი ამავე საბჭომ საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა.