საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს.
მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.
ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.
აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს“, – აცხადებს საპატრიარქო.
მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მოითხოვენ, ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელმა მმართველმა გასცეს პასუხები მათ შეკითხვებს ეპარქიის ყოფილი მმართველის, მეუფე პეტრეს მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ.
ასევე ისინი აპროტესტებენ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებებს, შეუჩერდეს მსახურება რამდენიმე სასულიერო პირსა და მონაზონს. ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტროპოლიტი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა და წინამძღვრის საქმიანობას შეუდგა.