ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიაში ბზობის წირვა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო.

სასულიერო პირებს შორის და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლები და მათი მხარდამჭერები გამოჩნდნენ, ასევე იქ მივიდა ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია.

ბიზნესმენ კეკუტაის იქ შეკრებილთა ნაწილი მიწების მითვისებასა და დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს.

დაპირისპირების მორიგი გამწვავება მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა. მან ეკლესიაში შესვლა მხოლოდ პოლიციის დახმარებით შეძლო.

„გუშინ მეუფე სტეფანეს ვთხოვეთ, არ მოსულიყო, განრიდებოდა ამას, რაც აქ ხდება, მაგრამ მან არ ისურვა. ამის შემდეგ ჩვენც დაგვანამუსეს, იცოდნენ რომ ამაზე არ წამოვიდოდით, მაგრამ მერე დავთანხმდით ყველაფერზე, კარი გავუღეთ ბზები გავუმზადეთ, დაიწყო ლოცვა წირვის წინა პერიოდის და ამ მომენტში მოიყვანეს კეკუტია, რამაც გაგავაღიზიანა, მას წლების მანძილზე უნდოდა აქაურობის დაპატრონება“, – განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

განდევნილი მღვდლების და მათი მხარდამჭერების გარდა სალხინოს ეკლესიის ეზოში შეკრებილები არიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერები.

სალხინოს ეკლესიაში მივიდნენ „რიონის ხეობის მცველებიც“.

„ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ზოგადად განვითარებულ მოვლენებს, ეპარქიაში რაც ხდება, ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი, ეს არის ჩვენი მიზანი.

მხარეებად არ ვყოფთ, ვხედავთ, რომ ღელავს საზოგადოება, რომელიც ადევნებს თვალს“, – განუცხადა ვარლამ გოლეთიანმა „ფორმულას“.

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ორი პირის დაკითხვა მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული არავინ არ არის.