რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში - საპატრიარქო სააღდგომო წირვაზე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვინაიდან აღდგომის დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპატრიარქო ყველას მოუწოდებს იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

„რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა.  ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე.