შშმ პირები და ბავშვთა ზრუნვა | ჯანდაცვის მინისტრის მოხსენება პარლამენტში

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დეპუტატები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მოსმენისას ტიკარაძემ შშმ სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ტიკარაძის განმარტებით, ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების უკეთ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილ ინტეგრირებას.

„არსებული მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა. სამინისტრო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირებზე. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო მუშაობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაგვანახებს ერთიან სურათს შშმ პირების რაოდენობრივ და საჭიროებების ჭრილში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის, სამინისტროში შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა იგეგმება, რომელშიც, მინისტრის თქმით, ჩართულები იქნებიან შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები.

ტიკარაძის თქმით, შშმ პირთა სერვისების განვითარების, ხარისხის მონიტორინგისა და სერვისების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობაზე საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს.

„მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა დაწესებულებების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ეტაპობრივი გადანაწილება მათ საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატიულ სერვისებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ბაზაზე ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა სერვისი შეიქმნა, სადაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ ბავშვები მიიღებენ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას.

მინისტრის განმარტებით, გრძელდება შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა. შედეგად, მოხდება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების როგორც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ასევე მინდობით აღზრდაში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილება.

„აღნიშნული სერვისის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარება ამერიკის მთავრობა და ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ბავშვის უფლებათა კოდექსში გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საყურადღებოა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მხარდაჭერას. ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლიდან ჩამოყალიბდა საჭირო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება. სამინისტრო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოხარული ვარ, რომ გასულ წელს შევძელით 105 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან დაგვებრუნებინა ბიოლოგიურ ოჯახებში“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.