არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება პარლამენტში ინიცირებულ, სამშენებლო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები პაკეტი უსახლკარობის კრიმინალიზაციის პირდაპირ რისკებს აჩენს და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. განცხადებას „პუბლიკა“ სრულად გთავაზობთ:
„შვიდი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის უმეტესი ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულ და 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ შენობებზე მშენებელი სუბიექტებისთვის მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორისაა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების, პირგასამტეხლოსგან, ცალკეულ ქმედებებზე ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება.
თუმცა ამგვარი შეღავათების გარდა, სამშენებლო სფეროში რეგულაციების გამკაცრებაც იგეგმება – დაუშვებელი ხდება ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობების ფუნქციონირება და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომელიც ეხება ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის კრიმინალიზაციას და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ამგვარი ცვლილებები სანებართვო პირობების ხშირი დარღვევითა და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობით არის გამოწვეული.
შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებების ფორმულირება ფართოა და გამოიწვევს უსახლკარობის კრიმინალიზაციას – უსახლკარო პირების მიერ საცხოვრისების უნებართვო მშენებლობის სისხლისსამართლებრივ დასჯადობას.
ძალაში შესვლის შემთხვევაში, იგი შეეხება იმ ასობით შინამეურნეობას, რომელიც ქვეყანაში საბინაო პოლიტიკის არარსებობის, უსახლკარობის არაპრიორიტეტულობისა და საცხოვრისის სერვისების უკიდურესი სიმწირის გათვალისწინებით, იძულებული იქნება, თვითდახმარების მიზნით, ნებართვის გარეშე ააშენოს საცხოვრისი.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულირება პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს უსახლკარო პირთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკის განხორციელების სფეროში – საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი, რომელიც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის აწესებს სანქციებს და ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოსახლების განხორციელებას, ვრცელდება იმ მიუსაფარ პირებზეც, რომლებმაც თვითდახმარების მიზნით, უნებართვოდ დაიკავეს სახელმწიფო თუ კერძო ობიექტი და დაიწყეს ცხოვრება.
არსებითია, რომ მოცემული ცვლილების განხილვისას, პარლამენტმა განცხადებაში დასმულ საფრთხეებთან ერთად ერთმნიშვნელოვნად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც პირდაპირ უთითებს სახელმწიფოთა ვალდებულებაზე, აღმოფხვრან ყველანაირი საკანონმდებლო რეგულირება თუ პრაქტიკა, რაც სხვადასხვა ფორმით უსახლკარობის კრიმინალიზაციასა და უსახლკარო პირთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას გამოიწვევს.
ზემოაღნიშნული მოთხოვნა, მათ შორის, ეხება უსახლკარო ჯგუფების მიერ თვითდახმარების ზომების (მ.შ. თავშესაფრების აშენების) მიღების დროს სახელმწიფოს მიერ ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრევენციასაც.
კანონმდებლობაში უსახლკარობის კრიმინალიზაციის პრევენციის აუცილებლობის პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ სახელმწიფოს მიერ იმ უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი პირებისა და შინამეურნეობების პრიორიტეტიზაციისა და მხარდაჭერის აუცილებლობას, რომელთაც თვითდახმარების მიზნით დაასრულეს მათი ერთადერთი საცხოვრისის მშენებლობა.
ამ დროისათვის ძალაში არსებული რეგულაციები მხოლოდ 2007 წლამდე უნებართვოდ დაწყებული ან აშენებული ობიექტების ლეგალიზაციას ეხება, მაშინ, როდესაც 2007 წლიდან ნაშენებ ნაგებობებში მცხოვრები ასეულობით სხვა შინამეურნეობა სახელმწიფოს მხრიდან მათი საცხოვრისების დემონტაჟისა თუ სხვა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებების შიშის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული კონტექსტი – სოციალური პოლიტიკის ჩავარდნა, უსახლკარობისა და საბინაო პოლიტიკის არარსებობა, საცხოვრისის სერვისების უკიდურესი სიმწირე, უსახლკაროთა რაოდენობისა და საჭიროების შესახებ ინფორმაციის არარსებობა – რაც, საბოლოო ჯამში, ასობით ადამიანს თვითდახმარების ზომების მიღებისაკენ (უნებართვო მშენებლობების განხორციელება თუ სხვის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ცხოვრება) უბიძგებს.
ამგვარი გამოწვევების გადაჭრის ეფექტიანი გზა უსახლკარობის დამზღვევი მექანიზმების არსებობა და არა ამ ჯგუფების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაა, რასაც ხშირად ვხვდებით, მათ შორის, შენობების დემონტაჟის, სოციალური შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვისა თუ გამოსახლებების სახით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების სფეროში არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, არ დაუშვას საჯარო თუ კერძო ინტერესების დაკმაყოფილება სოციალურად უკიდურესად მოწყვლადი პირების უგულებელყოფის ხარჯზე.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დაიწყოს უსახლკარო ჯგუფების მიმართ მხარდაჭერითი მექანიზმების შექმნა და მათ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებისა თუ აღსრულების სანაცვლოდ შეიმუშავოს არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამართლიანი, გრძელვადიანი და მდგრადი ღონისძიებები, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საცხოვრისის პოლიტიკის შექმნის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ
საქართველოს პარლამენტს:
გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ სისხლისსამართლებრივი რეგულირება არ შეეხოს იმ მიუსაფარ პირებს, რომლებიც თვითდახმარების მიზნით, უნებართვოდ აშენებენ მათ ერთადერთ საცხოვრისს.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
საქართველოს პარლამენტთან ერთად, განახორციელოს უსახლკარო პირების მიერ უნებართვოდ, თვითდახმარების მიზნით აგებული ერთადერთი საცხოვრისების ლეგალიზაცია ან მოახდინოს მათი ღირსეული და გრძელვადიანი ალტერნატიული საცხოვრისით დაკმაყოფილება;
დროულად შეიმუშავოს საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საცხოვრისის პოლიტიკა (მ.შ. საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), რაც, მათ შორის, მოიცავს უსახლკარო ჯგუფების პროაქტიურ იდენტიფიცირებას, მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებას, გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფასა და მათ მიმართ ყოველგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების პრევენციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.