ენმ-ის წევრის თქმით, მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, მერიაში უარყოფენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რეზო ჩომახიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიიდან, სადაც ის, მისივე თქმით, წლების განმავლობაში მუშაობდა, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„დეკემბრიდან გახლავართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით და პრიორიტეტად არ აქვთ ეფექტურობა და ჩვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა მან.

რეზო ჩომახიძის განცხადების საპასუხოდ „პუბლიკა“ თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავენ. მათი თქმით, რეზო ჩომახიძე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, მისი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. პრესსამსახურის ცნობით, რატომ არ გაუხანგრძლივეს ჩომახიძეს ხელშეკრულება, ამის შესახებ, სავარაუდოდ, თბილისის მერი გააკეთებს განმარტებას.