საქართველოს სახალხო დამცველი დავით გარეჯში „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში კრიტიკული მედია საშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევა პირველი არ არის.
„სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.
„ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გვანცა წულუკიძე წერს, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დაესხნენ თავს.
„ივერი მელაშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!” – წერს ის.
„პუბლიკა“ ორაგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა. იურისტი ამბობს, რომ დავითგარეჯში სიუჟეტის მომზადებისას ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, დაზუსტებით არ იცის, რა მოხდა, თუმცა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს. იურისტი ამბობს, რომ, როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან იყო შეურაცხყოფა.