„გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე და რა თქმა უნდა, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად“, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დავითგარეჯში ჟურნალისტებსა და მელაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვებს.
შეკითხვაზე, რატომ დაიწყო გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით და ხომ არ გადაკვალიფიცირდება, გომელაური პასუხობს, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე.
„რაც ჰქონდათ ფაქტი, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე დაიწყო გამოძიება, მე არ ვარ გამომძიებელი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. მომახსენეს – დავიწყეთ გამოძიებაო, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება, ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება – არაფერი“, – აცხადებს გომელაური.
გუშინ, 04 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა.
შინაგან საქმეთა სამინიტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.