ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, სოფელ უდაბნოში მათ გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდა ჟურნალისტს, რომელიც გუშინ „მთავარი არხის“ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის შესახებ გასაუბრების მიზნით საგარეჯოს მერიის თანამშრომლის, ალექსანდრე იოსელიანის მისამართს ეძებდა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, პირი მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადა. არხი შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გუშინ, 4 მაისს მოხდა.
როგორც „მთავარი არხის“ პირდაპირი ჩართვიდან ჩანს, ადგილობრივებს გზა აქვთ გადაკეტილი და არ უშვებენ ივერი მელაშვილსა და არხის მანქანას. როგორც ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ამბობს, ძალით ჩასვეს მანქანაში და აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას.
ჟურნალისტის თქმით, ისინი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში სიუჟეტს იღებდნენ, როდესაც სასულიერო პირი მივიდა მათთან და დაიძაბა სიტუაცია. ნინუცა კეკელია ამბობს, რომ სასულიერო პირები ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს, ივერი მელაშვილს კი სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და ეძახდნენ „მონას“.