ცოტა რამ ჩვენს საახალწლო-საშობაო ნაბახუსევურ შიშებზე
ნაბახუსევი, იგივე „პახმელია“ ქართული საახალწლო-საშობაო ოცობოდიისათვის ისეთივე ბუნებრივი და დამახასიათებელი რამაა, როგორც, მაგალითად, საცივი, შემწვარი გოჭი ან გადამთვრალი მეზობლის დილამდე სიმღერა. ნაბახუსევმა არ იცის გარჩევა სქესისა, შეძლებისა, უნარებისა და იანვრის პირველ რიცხვებში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაატყდეს თავს, მიუხედავად იმისა, რას დალევს და როდის. თუმცა მირთმეული სასმელის ხარისხსა და რაოდენობას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ზოგადად, ხარისხიანი ღვინის მოხმარება მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის შემთხვევები არცთუ იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრდა, პრობლემა პრობლემად რჩება და თუკი ბოთლირებული სახის ღვინოს ღვინის მაღაზიაში არ ვიძენთ, ხშირად არ ვიცით, ჩვენს მიერ შეძენილი სასმელი რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
„პახმელია“, რეალურად, სხვა არაფერია, თუ არა გადამეტებული დოზით მოხმარებული ალკოჰოლით მოწამვლა. როგორც ექიმები ამბობენ, ალკოჰოლით მოწამვლა, სხვა ტიპის მოწამვლისაგან სიმპტომებით თითქმის არ განსხვავდება. მოწამლულ ადამიანს ახასიათებს ღებინება, მუცლისა და თავის ტკივილი და სიყვითლე. გარდა ამისა, მოწამვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ წინა ღამით მომლხენს თვალის ქუთუთოები უყვითლდება. ახლა არ თქვათ, მძიმე ან ქვემძიმე ნაბახუსევზე მყოფი და ქუთუთოებჩაყვითებულ-ჩაშავებული მოყვასი არასოდეს გვინახავსო. გვინახავს და მერე რამდენი!
სხვადასხვა სახის წვნიანის ხვრეპა, შხაპის მიღება, ლუდის ან 100 გრამი არყის დალევა და მისთანანი საყოველთაოდ ცნობილი „საპახმელიო“ საშუალებებია, თუმცა საკითხავია, რეალურად გვიშველის კი ეს ყოველივე?
სკანდინავიელები, ზოგადად, მრავლისმნახველი და ბევრის ამტანი ხალხია, მაგრამ ნაბახუსევს ნამეტნავად უფრთხიან და მძიმე ნაბახუსევის შემთხვევაში, შვედეთში საუკეთესო გამოსავლად, გაგიკვირდებათ და, კუჭის გამორეცხვა მიიჩნევა. ამ პროცედურის ჩატარება ოჯახურ პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი, მაგრამ მაინც განსაკუთრებული სანახავი იქნება იანვრის „მძიმე“ დღეებში ამგვარი პროცედურისკენ გეზაღებული ქართველი, საინტერესო და წარმოუდგენელი…
ხშირად მძიმე ნაბახუსევის მიზეზი ალკოჰოლის სმის პარალელურად სამკურნალო საშუალებების მიღებაცაა. განსაკუთრებით დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება დიაბეტისა და ინსულინის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რადგან ორივე მათგანის ერთდროულად მოხმარება საშინელ რამეს – დიაბეტურ კომას იწვევს. ალკოჰოლური სასმელები ანტიდეპრესანტებთანაც შეუთავსებელია (განსაკუთრებით წითელი ღვინო). ალკოჰოლთან ერთად ანტიბიოტიკებითა და ვიტამინებით მკურნალობაც სრულად არაეფექტიანია, რადგან ასეთ დროს ისინი ორგანიზმში ალკოჰოლის გავლენით ვერ შეიწოვება და მერე იწყება ერთი ვაიუშველებელი.
ჩვენი ალკოჰოლური ყოფის უმთავრესი საფიქრალი მაინც გაკეთებული, შაქარგარეული, გაბევრებული ე.წ „ფსევდო-ღვინოა“, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ლიხს იქითაც და აქეთაც, თუმცა, ამ მხრივ, „პირველობას“ ზემო იმერეთსა და გურია-სამეგრელოს მაინც ვერავინ შეეცილება. ალკოჰოლური სასმელების სიღრმისეულად მოყვარულთ, რა თქმა უნდა, ადვილად ვერავინ მოატყუებს, მაგრამ ტყუვდებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სასმელის ხარისხში დიდად ვერ ერკვევიან და შესაძლებელია, მათი ეს „დაუდევრობა“ ძალიან მძიმე შედეგითაც დასრულდეს.
გადამეტებულად უხარისხო სასმელით მოწამვლის შემთხვევები დიდ ქალაქებშიც ხშირია და ეს პრობლემა ცხადია, რეგიონებშიცაა, მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონებში ღვინოსა და არაყს უმეტესად ოჯახის პირობებში და პირველ რიგში საკუთარი ოჯახისათვის ამზადებენ, ასეთი შემთხვევები ოჯახებსგარეთ იშვიათად გამოდის. უხარისხო ღვინის ავტორობაში მხილება ჩვენში სირცხვილად მიიჩნევა და ბევრი, ალბათ, არც არასოდეს აღიარებს, რომ მისი დაყენებული ღვინით ხალხი დაიწამლა.
საქართველოში ფიქრობენ, რომ ოჯახის პირობებში დაყენებული ღვინო და გამოხდილი არაყი ყოველთვის კარგია, რადგან არსებობს ასეთი შეხედულება: თუ კაცს სასმელი თავისთვის უნდა, იგი აუცილებლად კარგად დაამზადებს! ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, სადავოა, რადგან ერთია კარგად დამზადების სურვილი და მეორე – საამისო ცოდნა. ნათქვამია: „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ და კარგ სასმელს რატომ არ სჭირდება მცოდნე ადამიანის ხელი?
მძიმედ გასახსენებელი ამბავი
სტუდენტობის დროს მეგობრებმა საახალწლოდ ერთად ქეიფი გადავწყვიტეთ. მაშინ, სამწუხაროდ, არც ერთს არ გვქონდა საკუთარი ღვინო და არც ღვინის არჩევისა გაგვეგებოდა რამე. სასმელი ლეგენდარულ „დეზერტირების ბაზარში“ ვიყიდეთ. 20 ლიტრი თითქოს თეთრი, მაგრამ რეალურად ყავისფერი ღვინო (იდეაში რქაწითელი) ერთი სანდომიანი მოხუცი ქალისაგან შევიძინეთ, რომელიც იფიცებოდა, ჩემი შვილის დაყენებული ოჯახის ღვინოა და შაქარი კი არა, წყალიც კი არ გაგვირევიაო. მოხუცი ქალი იყო და ვენდეთ. ღვინოს გემო და სუნი ნორმალური ჰქონდა (მაშინ ასე გვეგონა) და საკმაოდ მალე დაგვათრო. ბევრნი კი ვიყავით, მაგრამ ის 20 ლიტრი ბოლომდე მაინც ვერ დავლიეთ.
დილით საშინლად ვიყავი და ადგომის თავიც კი არ მქონდა. მერე გავიგე, რომ ვინც ჩემთან ერთად იახალწლევა, თითქმის ყველა მოიწამლა. ერთ-ერთი ორი დღე იწვა საავადმყოფოში. მოწამვლის სიმპტომები ყველას ერთნაირი გვქონდა და მაშინ ვიეჭვეთ, რომ ჩვენი მოწამვლა ცუდი ღვინის ბრალი იყო.
მეგობარმა მორჩენილი ღვინო ლაბორატორიაში შეამოწმებინა და აღმოჩნდა, რომ ის ე.წ. ღვინო რაღაც ქიმიური ხსნარებით იყო დამზადებული და მასში ერთი გრამი ყურძნის წვენიც კი არ ერია. იმ ახალ წელს მეგობრები არასოდეს ვახსენებთ. უფრო სწორად ვერც კი ვბედავთ, გავიხსენოთ ხოლმე. ესეც შენი ტკბილი მოხუცი ქალი და მისი „ოჯახის“ ღვინო!
რჩევები
„ჩუმად“ ნურასდროს დალევთ. ნურც ჭიქების, ფუჟერების, ბოკლებისა და ყანწების ერთმანეთზე მიყოლებით მოიკლავთ თავს. ნურც თქვენი მრავლისშემძლე მეგობრის მსგავსად მოინდომებთ დალევას. არასდროს გაივლოთ გულში – თუ ბევრს დავლევ, განსაკუთრებული გამოვჩნდები. ალკოჰოლის მოხმარება შეჯიბრება არ არის!
სუფრაზე სმისას ყოველთვის იმდენი ანდა იმაზე მეტი წყალი მიიღეთ, რამდენიც ალკოჰოლი. ასევე, რეკომენდებულია შემთვრალზე ძილის წინ ნახევარი ლიტრი წყლის მიღება. ალკოჰოლის მიღებისას იცოდეთ, რომ სასმელი თავდაპირველად ცოტ-ცოტა უნდა დალიოთ და ერთბაშად ნუ „გადაჰკრავთ“. მოერიდეთ სასმელის ერთმანეთში არევას. მაგალითად, ერთდროულად ღვინის, ლუდისა და არყის მიღებას.
დაბოლოს, როდესაც იცით, რომ წინ დიდი სმა-ბატალიები გელით, აუცილებელია, თქვენი ღვიძლი რამდენიმე დღით ალკოჰოლის მიღებისაგან დაასვენოთ.