თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში, კოვიდინფიცირებული ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ჩვილის გადარჩენაც. ამის შესახებ ცენტრის ექიმმა „TV პირველთან“ ისაუბრა.
„34 წლის ქალი იყო. ის 29-30 კვირის ორსული იყო როდესაც მომართა ჩვენს კლინიკას. მას დაუდგინდა კოვიდიფექცია, აქტიური სტატუსი ჰქონდა. ძირითადი პრობლემა, რატომაც მოვიდა ჩვენთან, იყო სუნთქვის უკმარისობა. 22-ში აღმოჩნდა, რომ მას გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, ასევე გაუმწვავდა სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა უკვე რეანიმაციული გუნდის ჩართვა მის მკურნალობაში.
დიალიზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა და პაციენტს ჩაერთო თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო, საბოლოო ჯამში მივიღეთ ლეტალური შედეგი. საჭირო გახდა სასწრაფო საკეისრო ოპერაცია, რადგან ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოხდა მისი ინტუბაცია ანუ ის გადავიდა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. პაციენტს როგორც ვიცით, არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია“, – ამბობს ექიმი.
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, გარდაიცვალა 18 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%
ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის – 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.