„სინოფარმის“ 500 000 დამატებითი დოზა ივნისში შემოვა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ჯანმოს მხრიდან „სინოფარმისთის“ გამოყენების რეკომენდაციის გაცემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ბევრ რამეს ცვლის და პირველ რიგში ვაქცინაციისადმი ნდობის გაზრდა შეუწყობს ხელს.

„საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის.

სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა.

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა კოვაქს პლატფორმაზე განთავსდება, შესაბამისად, ქვეყნებს ის კოვაქსის საშუალებითაც მიეწოდებათ, შედარებით დაბალ ფასში, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო კიდევ სხვა ვაქცინებს ელოდება, მათ შორის არის „ნოვავაქსი“, „ჯონსონ ჯონსონი“, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებაა „ფაიზერთან“ დაახლოებით მილიონ დოზაზე.