მიტროპოლიტი ანტონი ჩვენს ჟურნალისტს დაესხა თავს - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ 7 მაისს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერად დაუპირისპირდა და შემდეგ თავს დაესხა. ტელეკომპანია მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

„მთავარი არხის“ განცხადებით, ტელეკომპანია მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ მყისიერი რეაგირება მიტროპოლიტ ანტონის თავდასხმასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის წინა ფაქტზე, როცა არხის ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარედ სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

„აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება.

მკაცრად ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას და კატეგორიულად მოვითხოვთ: აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ და ჩვენი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;

ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა“, – აცხადებს ტელეკომპანია.