„ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს" - მიტროპოლიტი დიმიტრი მელაშვილის გარეჯში ჩასვლაზე

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მას მედიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის მიმართ მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ჰკითხეს.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, მიტროპოლიტი ანტონი მომხდარს ნანობს”.

„საერთოდ ძალადობა ყველგან დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამ ყველაფერს განიცდის და ნანობს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მან ასევე გაიხსენა გარეჯის ინციდენტი, როდესაც ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტებს სასულიერო პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აღნიშნა, რომ გარეჯში ჩასვლას, გარკვეულწილად პროვოკაციული ელფერი გასდევს.

„საერთოდ რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. მაგრამ,  ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ის, რომ ამ ყველაფერს, გარკვეულწილად, ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს. თუნდაც გარეჯის ამბავს, იმ ინციდენტს გამოვეხმაურები. ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში.  შენ როცა იცი, რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, როცა იცი, რომ იქ იქნება ჩასული უამრავი მომლოცველი და ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, როგორც კომისიის თავმჯდომარის, იმ სალოცავში აღარავინ აღარ უშვებს მომლოცველებს, მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა, ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ შესაძლებელია, იქ მოხდეს უსიამოვნება ამ დღეს. გარკვეულწილად ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.