დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

„112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ჩაქრობის აქტიური სამუშაოები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების თქმით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი.