მისი საქმიანობა არ ვიცი, ვიცი უბრალოდ, რომ ეს რეზიდენცია კეკუტიას გაკეთებულია - მიტროპოლიტი სტეფანე ბზობას მომხდარზე

პუბლიკა

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი სტეფანე პრესკონფერენციას მართავს. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტეს, პრესკონფერენციის მიზანია, ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი სიტუაცია გაშუქდა, რომ თითქოს მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ის არავის დაპირისპირებია.

„ბზობის დღესასწაულზე უამრავი ხალხი იყო და სულ სხვა ვითარება იყო, ვიდრე მედიამ ასახა და ის რაც მოხდა, ჩხუბები, კეკუტიასთან დაპირისპირება.

კეკუტია ვინ არის – მე პირადი კონტაქტი არ მქონია მასთან. რამდენჯერმე შემხვდა თავისი ინიციატივით რაღაცეებზე მელაპარაკა, მაგრამ ეს ზოგადი იყო. მე არც მისი საქმიანობა ვიცი, არც არაფერი. ვიცი უბრალოდ, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა და ეს რეზიდენცია კეკუტიას გაკეთებულია. რაც ახლა აქ რამეა გაკეთებული, კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისივე თქმით, ვიდეო-კადრებში კარგად ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი და აყალმაყალი, თუმცა შექმნილი სიტუაცია არასწორად გაშუქდა.

„როცა მე მივედი, მე დამეტაკა ეს მედია. ვხედავ მედია მოდის და რაღაცა კითხვებს სვამს და მე წირვაზე მივდივარ და იმ მომენტისთვის აბსოლუტურად უადგილოა. მერე უკვე ამას მეორე ეშელონი მოჰყვება. იქ იყო პოლიცია, დიდი კარები დაიკეტა, პატარა კარებთან, რომელიც უნდა გავიარო, დგას 20-30 ადამიანი, რომლებიც არის ჩემთან დაპირისპირებული. ეს ხალხი დგას და ამბობს, რომ კეკუტიას თუ არ გავიყვან, ესენი არ შემიშვებენ, რამდენად კანონიკური საფუძველი აქვს სასულიერო პირის ამნაირი მიმართვას, მე არ ვიცი, თვითონ განსაჯეთ.

მაგრამ რატომ ხართ იმის მხარეს, ვინც ამ ყველაფერს ქმნის და კადრებს იღებთ ვინ ყვირის, ვინ ჩხუბობს და მერე ჩვენ ვართ დამნაშავე.

მივდივარ იქ და ხალხი მხვდება იმ პატარა კარებში, პოლიცია დგას გვერდზე და არაფერს არ აკეთებს. რა უნდა მექნა, მე კუდამოძუებული უნდა წავსულიყავი და ეს უნდა დეგეფიქსირებინათ? რა გინდოდათ? შევედი შიგნით, მაგრამ ამას უკვე მოჰყვა შეხლა-შემოხლა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ასეთი რამე, შენს სახლში რომ შედიოდე და დავიღაცეები წინ დაგხვდნენ, ხომ გაწევ გვერდზე, მე მივდივარ სალოცავად ტაძარში, პოლიცია დგას და შუაში მიშვებს, მე რა უნდა გავაკეთო? ან უნდა მცემონ, სხვათა შორის, იწეოდნენ ჩემზე. არის ხალხი ვინც ამას აფიქსირებდა. ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ აფიქსირებს, ვინც არის მართული მედია, მაგრამ ვისაც შეეძლო დაფიქსირება, დააფიქსირა. ერთი პირდაპირ კვერთხზე მწვდა და მე მომიწია ამ კვერთხის გამოწევა ზემოთ, რომ კვერთხი არ გამოერთმიათ., ასეთ ვითარებაში ვარ და თავისთავად მოხდა მერე პროვოკაცია და ვიღაცეებმა იჩხუბეს. მერე ჩვენ რომ წირვაზე ვიყავით, ეს ყველაფერი გაშუქდა როგორც ორი მხარის დაპირისპირება. ამ დროს ჩვენ არავის არ დავპირისპირებივართ, მივედით იქ და ჩავატარეთ წირვა და თუ ვინმეს რეალურად უნდოდა დაფიქსირება, უამრავი ხალხი იყო იქ მოსული, რომელიც არც ჩხუბობდა, სალოცავად იყო მოსული, ბზები ეჭირათ და ვაკურთებდი მე“, – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.

25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიაში ბზობის წირვა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო.

სასულიერო პირებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განდევნილი მღვდლები და მათი მხარდამჭერები გამოჩნდნენ. ასევე იქ მივიდა ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია.

ბიზნესმენ კეკუტაის იქ შეკრებილთა ნაწილი მიწების მითვისებასა და დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს.

დაპირისპირების მორიგი გამწვავება მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა. მან ეკლესიაში შესვლა მხოლოდ პოლიციის დახმარებით შეძლო.

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.