ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი სტეფანე სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულზე ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მას შეკითხვები ნამახვანჰესისა და აქტივისტ ვარლამ გოლეთიანთან მეგობრობის შესახებაც დაუსვეს.
მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ ნამახვაჰესის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობამდე ჰქონდა თავისი პოზიცია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„მე ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა ჩემი პოზიცია. ეს კარგად უნდა იცოდეთ, თუ მედია ხართ, ჩემი პოზიცია მანამდე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ნაციონალების დროს, რომ დაისვა ეს საკითხი, მაშინ მქონდა უარყოფით დამოკიდებულება, არა ჰესის მიმართ, არამედ იმ პროცესის მიმართ, რომელიც ამ ჰესის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით იყო. ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და მათ მიმართ რა უნდა მომხდარიყო …. უბრალოდ ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა ეკითხებოდნენ – მე რა მომელის? – ფლაერით პასუხობდნენ.
შემდეგ, პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ ის, რომ ეკოლოგიური საკითხები იდგა, მერე როდესაც უკვე ვარლამი და ა.შ. შემოვიდნენ პროცესში ეს აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად… არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი, კარვები და რაღაცა. მე კორონა ვირუსი მქონდა და არაფერი ვიცოდი, ამ საკითხში გაცნობიერებული არ ვიყავი. შემდეგ უკვე 99 წელთან დაკავშირებით… ამაზე ალბათ მთელი საქართველო აღშფოთებულია, მე ვიყავი პირველი, გამოვედი და დავსვი შეკითხვა – როგორ შეიძლება 99 წლით გასცეს სახელმწიფომ რომელიმე კერძო კომპანიაზე ამხელა ტერიტორია.
რაც შეეხება ჩემი და ვარლამის ურთიერთობას, მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან. მე მისი მასწავლებელი ვიყავი, ვუტარებდი გაკვეთილებს. მერე წავიდა ისწავლა.. მასთან კონტაქტი აღარ მქონია. ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობდე რამე საკითხში, აბსურდი და ტყუილია იმიტომ, რომ მე მისი ნომერიც არ მაქვს ტელეფონში. სპეციალურად არ მინდა რომ მე მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს. მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა არცა მაქვს, დღესაწაულებზე თუ შევხვდები. მიყვარს, კარგი ადამიანია. მგონი, მთელმა საქართველომ შეიყვარა ისეთი ადამიანია, ზრდილობიანი და… ჩემთვის სიამაყეა, რომ ეს ადამიანი, პატრიოტი ქართველი… ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი და მე არასოდეს არაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.