პოეტი და გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

პოეტი და გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ ზაზანაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ის სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 80-იანი წლებიდან ჩაბმულია ეკოლოგიურ მოძრაობაში.

90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და მისი პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

გარემოს დაცვის მიმართულებით, ნუზგარ ზაზანაშვილის უშუალო მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. არის არაერთი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი.

მუშაობდა კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების, დაცული ტერიტორიების, ლანდშაფტის ეკოლოგიის, ბიოგეოგრაფიის მიმართულებით. იყო ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსები და ლიტერატურული წერილები 1980 წლიდან იბეჭდებოდა. მისი ბოლო პოეტური კრებულია – „წავა, წავა, წავა“.