ვითხოვთ გაგის ციხეზე ჯვრის დაზიანების ფაქტის დროულ გამოძიებას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება ქვემო ქართლში, გაგის ციხეზე აღმართული ჯვრის დაზიანების ფაქტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

13 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაზიანებულია გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი, იგი მოღუნულია და ეტყობა ზემოქმედების კვალი.

„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემობას, რომ ჯვარი დამზადებულია ლითონისგან, არის მოცულობითი, მისი აღმართვის დროს გავრცელებული ფოტოების მიხედვით საკმაოდ მძიმეა და მაღალი ალბათობით შეუძლებელია ხელით, სპეციალური მოწყობილობის გარეშე მისი დაზიანება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ მომხდარი ფაქტი არ წარმოადგენს შემთხვევითობას და არის წინასწარ დაგეგმილი, განზრახი მოქმედება. მარნეულის რადიოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შსს-მ უზრუნველყოს გამოძიების დროული ჩატარება და ქმედებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების იდენტიფიცირება.

უნდა აღინიშნოს, რომ გაგის ციხეზე არსებული ჯვართან დაკავშირებით გასულ წლის იანვრის თვეში აგრეთვე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ციხეზე აღმართული ჯვარი და სახელმწიფო დროშა გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა მას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნული ინციდენტის დროული გამოძიება არსებითად მნიშვნელოვანია ამ საკითხით რელიგიური და პოლიტიკური სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით. სამწუხაროდ, ცალკეული ულტრაკონსერვატიული შოვინისტური კლერიკალური და სამოქალაქო ჯგუფები ბოლო წლებში ცდილობენ მარნეულში სოციალური მშვიდობის დარღვევას და რელიგიური და ეთნიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაგის ციხეზე არსებული ჯვრის დაზიანების ფაქტზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა;

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მომავალში მსგავსი პროვოკაციული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს გაგის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟება და მონიტორინგი;

ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა ამ პროცესებით სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით მიიღონ პოზიტიური ზომები თემთა შორის ინტერ-რელიგიური დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებისთვის.