„ფალავანდიშვილი მოვარდა და ჩვენი ინსტალაცია დალეწა“ | ქვიარ აქტივისტები ინციდენტზე

პუბლიკა

ლგბტქ აქტივისტებმა დედაენის ბაღში ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინსტალაცია Welcome to the closet დადგეს.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი „პუბლიკას“ უყვება, აქტივისტებთან „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ დამფუძნებელი და ჰომოფობიურ დაჯგუფებებთან ასოცირებული პირი, გურამ ფალავანდიშვილი მივარდა და ინსტალაცია დალეწა.

„ინსტალაცია ქვიარ თემას ეხება – არის ყუთი, სადაც შედიხარ და ისმის ხმა, რომელიც ჰყვება, რომ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით და არ უნდა დავიმალოთ. გურამ ფალავანდაშვილი მოვარდა. ვიღაცებს ურეკავდა, რომ მოსულიყვნენ. პატრულმა აქაურობას განარიდა. თავდაპირველად აქვე იდგა, თუმცა ახლა აღარ ჩანს. მან ინსტალაციას კარი მოაძრო და გადააყირავა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცებს – ხელში მოხვდათ ეს ინსტალაცია“, – ჰყვება აქტივისტი.

ლგბტქ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ ამ ინციდენტის გამო მთავრობას, შსს-ს და შესაბამის უწყებებს მიმართავს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ დააკავონ გურამ ფალავანდიშვილი. ასევე, დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ინციდენტზე გამოძიება სსსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს. 


გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, 17 მაისთან დაკავშირებით 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება და უწყების განცხადებითვე, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მათივე მტკიცებით, ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.