არ იქნება ექსკურსიები და ბანკეტები, „ბოლო ზარი“ რეგულაციების დაცვით ჩატარდება

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

„ბოლო ზარი“ კი სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება. კერძოდ, რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

„ თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.