იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო.
„18 მაისს ა გეგუთის #14; გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან . ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში – 120, ხოლო რუსთავში – 30.
ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებულია რეანომობილები და რეანიმატოლოგები“, – ამბობენ სამინისტროში.
მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.