2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 633 პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის, ამ დანაშაულის გამოვლენისა და მასზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.

2018-2020 წლებში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ. რაც შეეხება წლების მიხედვით დინამიკას: 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – 550, 2015 წელს – 1066, 2016 წელს – 1356, 2017 წელს – 1986, 2018 წელს – 3955, 2019 წელს – 4579 პირის მიმართ.

 

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 99%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია 15,8%-ით. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

2020 წელს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი დევნის დაწყების საერთო მაჩვენებლის ¼-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94% იყო პატიმრობის მოთხოვნა.

მთავარი პროკურორის ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობებიდან სასამართლოს მიერ 2020 წელს დაკმაყოფილდა 53%, რაც, 2019 წლის მონაცემთან შედარებით (56 %), მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.