„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული მუშები კომპანიასთან ღამის გათენებას აპირებენ

პუბლიკა

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული მუშები კომპანიასთან ღამის გათენებას აანონსებენ.

„ჩვენ ამაღამ აქ ვრჩებით და თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ თითოეულ ადამიანს, გაფიცულ მონაწილეს დაუწეროს ე.წ. კომენდანტის დარღვევის გამო რაიმე ფორმით ჯარიმა, ამ ყველაფერს ჩვენ გავასაჩივრებთ, რადგან კანონი არ შეიძლება იყოს ორმხრივი. კანონი უნდა იკითხებოდეს ცალმხრივად“, – აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე.

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები დღეს, დილიდან გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაფიცულია დაახლოებით 350-მდე მუშა.

გაფიცვის გადაწყვეტილებამდე კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაციის პროცესი მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს მოითხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირია.