„IDS ბორჯომი საქართველო” დასაქმებულების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, სამართლებრივ ჭრილში გამართონ კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონდათ. კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას:

„ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული, IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. კავშირების მიერ გაფიცვის დროდ მოწოდებული იქნა 18 მაისის დილის 10.00 საათი, დღეს დილით 08.00 საათზე პირველი ცვლა სამსახურში არ გამოცხადდა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას, რომელიც ორგანიზებულია პროფკავშირების მიერ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა.

ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო, და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდეთ სახელფასო ფონდი 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა. კომპანიაში შევქმენით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.

კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები დღეს, დილიდან გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაფიცულია დაახლოებით 350-მდე მუშა.

გაფიცვის გადაწყვეტილებამდე კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაციის პროცესი მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს მოითხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირია.