გაფიცულთა მოთხოვნები „IDS ბორჯომს“ განხილული აქვს, დაახლოებულია პოზიციები - დეპუტატი

პუბლიკა

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი დღეს „IDS ბორჯომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ანტონ ობოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და საწარმო მზად არის გაფიცული მუშების მხრიდან წამოყენებული თითოეული საკითხის განხილვისთვის.

„ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, კომპანიის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, განხილული აქვთ და დაახლოებულია პოზიციები. თითოეული თანამშრომელი არის ამ საწარმოს კაპიტალი და თითოეულ მათგანს საწარმო უფრთხილდება. მათი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი გადავიდეს მოლაპარაკებების ფარგლებში. თქვენი მოთხოვნა და მათი გათვლები დაახლოებულია ერთმანეთთან, თითქმის დაკმაყოფილებულია მოთხოვნები….

მაგალითისთვის გეტყვით, თუ ადამიანს ჰქონდა ხელფასი 450 ლარის ფარგლებში და მისი მოთხოვნა იყო 900 ლარი, საწარმოს პოზიციაა დაკმაყოფილოს 800–850 ლარის ფარგლებში. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ შედგეს შეხვედრა, გაიარონ თოთოეული დეპარტამენტის მიხედვით და აისახოს შემდეგ  ხელშეკრულებებზე”, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

დღეს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებენ, რომ  2 ქარხანაში თანამშრომელთა გაფიცვის გამო მუშაობას აჩერებს.

„როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები 18 მაისს, დილიდან გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაფიცულია დაახლოებით 350-მდე მუშა.

გაფიცვის გადაწყვეტილებამდე კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაციის პროცესი მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს მოითხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირია.