მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ 23 მაისის აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება. მისივე თქმით, აქციისთვის შეკრება 14:00 საათიდან დაიწყება.
რიონის ხეობის მცველებმა პირდაპირ ეთერში კვლავ მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ 23-ის აქციაზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანი პოზიცია. გოლეთიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქცია არ იქნება ერთჯერადი და ექნება განგრძობადი სახე.
„დღეს გვინდა ისევ მოგიწოდოთ 23 მაისის აქციასთან დაკავშირებით, რომ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი. უმნიშვნელოვანესია ჩვენი შეკრება იქ. ალბათ, ყველაზე მეტად სასიამოვნო მთელს ამ პროცესში არის სწორედ ის, რომ თვითვორგანიზდებით თითოეული ჩვენგანი და ასე, მიუხედავად იმისა, რომ განგრძობადი აქციაა და ეს არ არის „უბრალოდ შევიკრიბეთ, დავიშალეთ“ შემთხვევა, ადამიანები ემზადებიან დასარჩენად, წამოსასვლელად რაიონებიდან“ , – განაცხადა გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ აქციის ჩატარების ადგილის ასარჩევად თბილისის მერიას რიონის ხეობის მცველებმა რამდენჯერმე მიმართეს.