„ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე“ | წულუკიანი ამბობს, რომ გელათზე საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. გელათის შესახებ შეკითხვაზე თეა წულუკიანმა თქვა, წლების განმავლობაში ამ კულტურულ ძეგლზე ექსპერიმენტი ტარდებოდა.

„2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით, თუ გნებავთ ამას, მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი  და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, საექსპერიმენტოდ შეარჩიეს სწორედ გელათი.

ეს იყო, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა. ამ ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი. ყველას მინდა გთხოვოთ, გამოვიყენებ ასეთ, ყველასათვის გასაგებ სიტყვას – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს.

ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ ამგვარმა მოძრაობამ , არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები, ამიტომ  სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისათვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „იუნესკოდან“ სამინისტრომ მიიღო თანხმობ და ერაყიდან ჩამოვა, იქ მომუშავე იტალიელი ექპერტი ივნისში. მინისტრის თქმით, ექსპერტი შეისწავლის პირველ რიგში სახურავს, რომლის გაუმართაობის პირველი შედეგია სწორედ ფრესკების დაზიანება.