სათამაშოების კომპანია LEGO ლგბტქ+ კომპლექტს გამოუშვებს

პუბლიკა

სათამაშოების კომპანია „ლეგო“ პირველ ლგბტქ+ ნაკრებს უშვებს. კომპანიის დიზაინერი აცხადებს, რომ სურდა, თემისთვის მხარდაჭერა ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი ფიგურებით გამოეხატა.

„ახალ ოფისში მინდოდა ჩემი სივრცე სახლივით ყოფილიყო, რაც მე წარმომაჩენდა, როგორც ლგბტქ თემის ამაყ წევრს“, – თქვა კომპანიის დიზაინერმა, მეტიუ ეშტონმა.

თავისი სამუშაო სივრცისთვის გაკეთებულმა კომპლექტმა სხვა თანამშრომლების ყურადღებაც მიიქცია და მოთხოვნაც გაჩნდა.

„ლეგოს“ სხვა ლგბტქ თანამშრომლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ, ეს ის არის, რაც სხვებსაც უნდა გავუზიაროთ“, – ამბობს ეშტონი.

კომპლექტის სახელია „Everyone Is Awesome“ (ყველა შესანიშნავია) და იგი 1 ივნისიდან გამოვა.

„როცა ბავშვი ვიყავი, მეუბნებოდნენ რით უნდა მეთამაშა, როგორ მევლო, როგორ მესაუბრა, რა უნდა ჩამეცვა – მკარნახობდნენ, რომ ის, ვინც მე ვიყავი „არასწორი“ იყო. ვყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში არ ვარ, დამქანცველი იყო. ნეტავ ბავშვობაში შემეხედა სამყაროსთვის და მეფიქრა – „ყველაფერი კარგად იქნება, აქ ჩემი ადგილიც არის“, ნეტავ მენახა ინკლუზიური განაცხადი, რომლიც იტყოდა „ყველა შესანიშნავია“,  – ამბობს ეშტონი.