შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ განცხადებას ავრცელებენს, სადაც კომპანია მზაობას გამოთქვამს, რომ სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება.
კომპანია, ასევე, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო სექტორს თხოვნით მიმართავს სამართლებრივი განხილვისა და გამჭვირვალობის მიზნით ჩაერთონ პროცესში.
„ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამას ადასტურებს მოსახლეობასთან გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, ხელშეკრულებები და უკვე გაცემული კომპენსაციები. ცნობისთვის შპს „შუქრუთი +„ კომპენსაციებს 2020 – ი წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა“, – ამბობს კომპანია.
შპს „შუქრუთი+“-ის განცხადებით, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც, კომპანიის თქმით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება.
„შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ ბოლო დღეებია მედიასაშუალებების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმე პირმა მოქმედების რადიკალურ ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შპს „ ჯორჯიან მანგანეზი“ აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ აძლევს მათ სათანადო ანაზღაურებას.
„სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კომპანიის კონტრაქტორი შპს „შუქრუთი+“, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ახდენს მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს და ინფორმირებულია ყველა არსებულ პრობლემატურ საკითხზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კომპანიის მტკიცებით, შპს „შუქრუთი +“-ის მხრიდან მოსახლეობისადმი მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის თაობაზე 2019 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია სოფელთან, რის შემდგომაც შედგა შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათივე მოთხოვნით მოწვეულ იქნა კონკრეტული დამოუკიდებელი შემფასებელი პირი, რომელიც ახდენს მოსახლეობის თანმიმდევრულ შეფასებასა და დასკვნების წარდგენას მათზე.
„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა და მიმართა საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნა არის შეფასება მოხდეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, მაგრამ თავად არ მიმართეს ამ ქმედებას!“, – აღნიშნმავს შპს „შუქრუთი +“.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტი ნიშნად პირი ამოიკერა.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.
ისინი მოითხოვენ, აანაზღაურონ შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.
მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.