ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და „ფაიზერით” აცრა ეკუთვნით, გააგზავნონ წერილობითი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „ფაიზერის” დიდი მოცულობის ჩამოსვლამდე, მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები.
„მინდა, მოვუწოდო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ რთული ქრონიკული დაავადებები და ეკუთვნით ფაიზერით აცრა: გამოაგზავნონ წერილობითი მოთხოვნა და კომისიური წესით მიმდინარეობს სამინისტროში მსჯელობა, რის შემდეგაც მათ შეეძლებათ ფაიზერის დიდი მოცულობით ჩამოსვლამდე მიიღონ ამ ვაქცინის დოზები”, – განაცხადა ტიკარაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
Pfizer-მა „ბიზნეს ფორმულას“ დაუდასტურა, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.
„Pfizer სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2-ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”, – ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ „ბიზნეს ფორმულისთვის” მიწოდებულ პასუხში.