ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციული - კუჭავა ნამახვანჰესის პროტესტზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დილით მისი აპარატიდან  შეხვედრის მიზნით ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდენენ. მისივე თქმით, ვარლამ გოლეთიანის მიერ შეთავაზებული ფორმატი, რომ შეხვედროდა აქციის მონაწილეებს საჯაროდ, არაკონსტრუქციულია.

„დილით ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს შეხვედრასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად არის და ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და მოხდეს დაახლოება. ან იქნებოდა შეთანხმება, ან არა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოებში. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ეს საკითხები განხილული იქნას ასობით ადამიანთან. მით უმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და გადაიცემოდა ლაივრეჟიმში, მათ შორის ფეისბუკზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მიზანი იყო, რომ გაეცნო ისინი და შეეთავაზებინა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატი, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა მხარე და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კუჭავას განმარტებით, მსგავს პრობლემურ საკითხებზე აქამდეც იქმნებოდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ლაივრეჟიმში გადაიცემოდა.

„ჩემი კარები ყოველთვის ღია არის, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღებია, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობას. ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით“, – განაცხადა მან. 

კუჭავას განმარტებით, ამ შეხვედრაზე პირობებზე არ ისაუბრებდნენ და მას არ ჰქონია კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.