საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში (2013-2021 წლები).
ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტის ამოცანაა „ქართული ოცნების” მმართველობის პერიდში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და დინამიკის სისტემური ანალიზი.
კვლევა აფასებს 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, გარდაქმნების დინამიკასა და მათ გავლენას არსებულ გამოწვევებზე. დოკუმენტი შედგება სამი ნაწილისგან. კვლევის პირველი ნაწილი აფასებს სასამართლოს მართვის ზოგად სისტემას, კოლეგიური მართვის ორგანოებსა და ძირითად უწყებებს სასამართლოს შიგნით; მეორე ნაწილი ეძღვნება მოსამართლის კარიერისა და დისციპლინირების საკითხების განხილვას; მესამე ნაწილში კი თავმოყრილია ცალკეული სასამართლოების მართვასთან დაკავშირებული და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარანტიების ანალიზი.
„კვლევის მიგნებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კანონმდებლობა შედარებით დეტალური გახდა, კოლეგიურ ორგანოებს დაუდგინდათ გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი და ზოგიერთ შემთხვევაში განისაზღვრა დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება, საერთო ჯამში, ამას არ შეუცვლია სასამართლოში ჩამოყალიბებული იერარქიებისა და ძალაუფლების ლოგიკა. ეს, დიდწილად, განაპირობა რეფორმების შინაარსში ისეთი ასპექტების უგულებელყოფამ, როგორიცაა სასამართლოში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფაქტობრივი ძალაუფლება, ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ძლიერდებოდა.
ამ წლებში, კანონმდებლობის დახვეწისა და დეტალიზაციის გზამ, სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ინსტიტუციური დიზაინის საკითხად აქცია, ყურადღების მიღმა დატოვა რეალური გავლენები, ფორმალური თუ არაფორმალური მოთამაშეები, მათი ინტერესები თუ ძალაუფლება. შედეგად, შეცვლილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ გახდა ახლებური, დემოკრატიული წესრიგის შექმნის საფუძველი. რეფორმებმა შეინარჩუნა უმრავლესობის მმართველობაზე დაფუძნებული ლოგიკა და ფაქტობრივად არსებულ გავლენიან ჯგუფს – „მოსამართლეთა კლანს“, მათ შორის, პოზიტიური საკანონმდებლო სიახლეებით მანიპულირების საშუალება მისცა“, – წერს საია.
საიას კვლევამ წარმოაჩინა პოლიტიკური ხელისუფლების სტრატეგია სასამართლოსთან მიმართებით.
ორგანიზაცია წერს, რომ თუკი 2013 წელს მომზადებული რეფორმის პაკეტი პოლიტიკური ხელისუფლების მიერ რადიკალური (თუმცა, არა – ყველა შემთხვევაში პოზიტიური) ნაბიჯების გადადგმის ინტერესზე მიუთითებდა, შემდგომი ეტაპები უკვე სუსტი და არათანამიმდევრული იყო. საიას თქმით, 2015 წლიდან გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან სრულიად შეცვლილი სტრატეგიით მოქმედების ტენდენცია.
„ამის მაგალითია რეფორმის მესამე და შემდგომი ეტაპები. როგორც მიღებული ცვლილებების შინაარსი, ისე თავად პროცესი ააშკარავებდა პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის „დაზავებას”. შედეგად, კანონმდებელმა უარი თქვა არაერთ პროგრესულ ინიციატივაზე, გარანტიები და უფლებამოსილებები გაუზარდა საბჭოსა და ადმინისტრაციული თანამდებობების მქონე მოსამართლეებს, შექმნა შესაძლებლობები სწორედ გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალაუფლების დასაბრუნებლად“, – წერს საია.
საიას კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.