„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 23 წლის ინდოელი სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის გარდაცვალებას განცხადებით ეხმაურება.
როგორც ორგანიზაცია წერს, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს საქართველოში მცხოვრები მიგრანტების, უცხოელი სტუდენტებისა და რასობრივად/ეთნიკურად მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოების, დაცვისა და მართლმსაჯულებაზე რეალური წვდომის შესახებ.
განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ შესაძლო ძალადობის, შევიწროების ან გამოძალვის პირობებშიც კი უცხოელი სტუდენტი შეიძლება ვერ ხედავდეს პოლიციაში მიმართვის რეალურ შესაძლებლობას, ან არ ენდობოდეს სამართალდამცავ სისტემას საკმარისად, რათა დახმარება დროულად ითხოვოს.
ორგანიზაცია ვრცელ განცხადებაში საქართველოში მიგრანტების მდგომარეობას და ამ მიმართულებით გაუარესებულ კანონმდებლობას მიმოიხილავს.
„საქართველოში მიგრანტები ხშირად იმყოფებიან განსაკუთრებულად დაუცველ მდგომარეობაში: მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე, არ ფლობდნენ ქართულ ენას, იყვნენ დამოკიდებული საცხოვრებელზე, დამსაქმებელზე, უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ გარემოზე ან შუამავალ პირებზე. ეს გარემოებები მათ უფრო მარტივად აქცევს ექსპლუატაციის, შევიწროების, ძალადობის, გამოძალვისა თუ სხვა სახის ზეწოლის მსხვერპლებად.
ამ მოწყვლადობას ამძაფრებს მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის ფრაგმენტულობა. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს, რომ, მიუხედავად 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში ინტეგრაციის საკითხების გათვალისწინებისა, ამ დრომდე არ დამტკიცებულა იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტი“. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისად გამართული, ერთიანი და პრაქტიკაში მოქმედი ხედვა, რომელიც საქართველოში მცხოვრები უცხოელების სამართლებრივ, სოციალურ და ინსტიტუციურ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა.
სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე პრობლემურად არის მიჩნეული მიგრანტებისთვის ინფორმაციის არასაკმარისი ხელმისაწვდომობა. მართალია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით შეიქმნა ინტეგრაციის საინფორმაციო პორტალი — integration.moh.gov.ge, თუმცა ანგარიშის მიხედვით, პორტალი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში იყო და მისი სრულფასოვანი ამოქმედება 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს იგეგმებოდა. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ონლაინ პლატფორმით, არამედ სოციალური ქსელებით, საინფორმაციო შეხვედრებით, ბეჭდური მასალებით, ცხელი ხაზითა და მათთვის გასაგებ ენებზე კომუნიკაციის სხვა არხებით. ბენეფიციართა დროული და სათანადო ინფორმირება არა მხოლოდ ზრდის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობას, არამედ აძლიერებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა შეასუსტა კიდევ ერთმა გარემოებამ: ბოლო პერიოდში გამკაცრებული მიგრაციის პოლიტიკის პირობებში, გამკაცრდა უცხოელთა საქართველოში შემოშვების პროცედურები, რაც მათ შორის შეეხოთ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში წავიდნენ არდადეგების პერიოდში, და სწავლის გაგრძელების მიზნით ჩამოსულები, ქვეყანაში შემოშვების პრობლემებს წააწყდნენ.
მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად. უკანასკნელი პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები მიგრაციის საკითხს უფრო მეტად აქცევს მკაცრი საპოლიციო კონტროლის, კრიმინალიზების და უსაფრთხოების ჩარჩოში და ამძიმებს უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობას, რაც ნაკლებად ტოვებს სივრცეს ადამიანის უფლებებზე, ინტეგრაციასა და სოციალური დაცვის საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომებისთვის. 2025 წელს საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო არაერთ კანონს, მათ შორის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსს. ცვლილებების შედეგად გამკაცრდა უცხოელთა გაძევების, საქართველოში შემოსვლის აკრძალვისა და საერთაშორისო დაცვის პროცედურები, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ახალი სასჯელები. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის უცხოელების სამართლებრივი დაუცველობის, თვითნებური ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებისა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების დაკარგვის რისკებს.
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ეძლევა უფლებამოსილება, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან მისი საცხოვრებელი ადგილისა თუ სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში – კერძო საკუთრებაში სასამართლოს წინასწარი ბრძანების გარეშეც შევიდეს. ამავე ცვლილებების ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტს შეუძლია პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და სხვა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. მსგავსი უფლებამოსილებები, სათანადო პროცესუალური გარანტიების გარეშე, ქმნის თვითნებობის, ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით შერჩევითი კონტროლისა და მიგრანტების ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო პოლიციურ ზედამხედველობაში მოქცევის მაღალ რისკს.
სამართლებრივი გარემოს გამკაცრებას თან სდევს ქვეყანაში ანტიმიგრანტული რიტორიკის გაძლიერება. ბოლო პერიოდში მიგრაციის საკითხი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მობილიზების, სოციალური შიშების გაღვივებისა და მოწყვლადი ჯგუფების დემონიზების ინსტრუმენტად. პრობლემურია როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ უცხოელთა მიმართ გამკაცრებული კონტროლის დემონსტრაციული პოლიტიკა, ისე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და ლიდერების განცხადებები, რომლებიც მიგრანტებს ეკონომიკური, სოციალური ან უსაფრთხოების პრობლემების წყაროდ წარმოაჩენს. ასეთი რიტორიკა მძიმე სოციალურ კლიმატს ქმნის საქართველოში მცხოვრები ყველა უცხოელისთვის, განურჩევლად მათი სამართლებრივი სტატუსისა, და ზრდის რასისტული, ქსენოფობიური და სიძულვილით მოტივირებული დამოკიდებულებების ნორმალიზების რისკს.
ასევე, მიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ მათი უსაფრთხოება ხშირად აღიქმება როგორც ინდივიდუალური, იზოლირებული შემთხვევების საკითხი და არა როგორც სისტემური გამოწვევა. უცხოელი სტუდენტები, შრომითი მიგრანტები და სხვა მიგრანტული ჯგუფები საქართველოში ცხოვრობენ გარემოში, სადაც მათ ხშირად არ აქვთ ძლიერი სოციალური ქსელები, სამართლებრივი მხარდაჭერა და ინსტიტუციური ნდობა. ამ პირობებში პოლიციის არასათანადო ყურადღება, დაგვიანებული რეაგირება ან პრობლემის ფორმალური შეფასება განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2021 წლის კვლევის მიხედვით, საპოლიციო სისტემა მიგრანტების მიმართ არის გულგრილი, სტერეოტიპული, დისკრიმინაციული და უსამართლო, კვლევის რესპონდენტები აღნიშნავდნენ რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში პოლიციის რეაგირება არის არაეფექტიანი და ხშირად რჩება საქმეები გამოუძიებელი. საქართველოში მცხოვრები მიგრანტები ხშირად უთითებენ რომ პოლიცია მათ უსამართლოდ აჩერებს და აკონტროლებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათ ნდობაზე სამართალდამცავი სისტემის მიმართ.
ამ კონტექსტში, დვანიტ რაჯდიპის გარდაცვალების საქმე ვერ განიხილება მხოლოდ როგორც იზოლირებულ ინდივიდუალური ტრაგიკული შემთხვევა. ის უნდა შეფასდეს იმ ფართო კონტექსტში, სადაც მიგრანტებისა და უცხოელი სტუდენტების სამართლებრივი მდგომარეობა მძიმდება, სახელმწიფო პოლიტიკა სულ უფრო კონტროლზე და დასჯაზეა ორიენტირებული, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში კი ძლიერდება ანტიმიგრანტული განწყობები. ასეთ გარემოში უცხოელები უფრო მეტად ერიდებიან სამართალდამცავ უწყებებთან კომუნიკაციას, ნაკლებად ენდობიან სახელმწიფოს და ძალადობის, შევიწროების, გამოძალვის ან ექსპლუატაციის შემთხვევების დროს ხშირად რჩებიან დახმარების გარეშე. სწორედ ასეთ ვითარებაში სახელმწიფოსა და, განსაკუთრებით, პოლიციის პასუხისმგებლობა მაღალია. სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ ფორმალური რეაგირების ლოგიკით. მათ უნდა ჰქონდეთ მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული, პროაქტიული და სენსიტიური მიდგომა, რაც გულისხმობს დროულ კომუნიკაციას, თარჯიმნის ხელმისაწვდომობას, ოჯახის ინფორმირებას, შესაძლო ძალადობისა და ექსპლუატაციის შემთხვევების სიღრმისეულ შემოწმებას“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
- უზრუნველყონ დვანიტ რაჯდიპის გარდაცვალების საქმის სრულყოფილი, დროული და მიუკერძოებელი გამოძიება;
- დეტალურად შეისწავლონ ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო შევიწროების, გამოძალვის, თავისუფლების შეზღუდვისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების შესახებ;
- გამოძიების პროცესში უზრუნველყონ გარდაცვლილის ოჯახის ეფექტიანი ინფორმირება და ჩართულობა, მათთვის გასაგებ ენაზე;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საქმის კვალიფიკაციის გადახედვა და ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ეპიზოდის დამოუკიდებლად შეფასება, მათ შორის, შესაძლო სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება;
- შეიმუშაონ მიგრანტებისა და უცხოელი სტუდენტების მიმართ ძალადობის, ექსპლუატაციისა და შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების სპეციალური ინსტრუქციები;
- გააძლიერონ პოლიციის თანამშრომლების გადამზადება რასობრივი თანასწორობის, მიგრანტთა უფლებების, თარჯიმნის გამოყენებისა და მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის საკითხებზე;
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მიგრანტების უსაფრთხოება და მათი უფლებების დაცვა ადამიანის უფლებების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. პოლიციამ და სხვა სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეცვალონ ფრაგმენტული და რეაქტიული მიდგომა და შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც მიგრანტებს საფრთხის დადგომამდე დაინახავს, მოუსმენს და დაიცავს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
23 წლის ინდოელი სტუდენტი დვანიტ რაჯდიპი 29 მაისს იპოვეს გარდაცვლილი. მას 14 მაისიდან ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
დვანიტ რაჯდიპის ოჯახი შვილის შესაძლო შევიწროებაზე, ფულის გამოძალვაზე, საცხოვრებელ სივრცეში თავისუფლების შეზღუდვასა და სხვა მძიმე გარემოებებზე მიუთითებს.
როგორც ცნობილია, სტუდენტს შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით არ მიუმართავს ოფიციალური უწყებებისთვის, არ განუცხადებია პოლიციაში. ამის შესახებ იცოდა მხოლოდ ოჯახმა. მამის თქმით, მან შვილს ინდოეთში უკან დასაბრუნებელი ბილეთი უყიდა. თუმცა რაჯდიპი აეროპორტის გზიდან გაუჩინარდა.