აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონის მონაწილეობით გაფორმებულ შეთანხმებებს სომხეთისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ის ქვეყანას რეგიონში ვაჭრობისა და ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ცენტრად ქცევის შესაძლებლობას აძლევს.
2 ივნისს სენატში გამართული მოსმენის დროს რუბიომ განაცხადა, რომ გასულ კვირას ერევანში ხელმოწერილი TRIPP-ის შეთანხმება მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანს არ ეხება და მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა.
„თქვენ მას დერეფანს უწოდებთ, მაგრამ ის ბევრად მეტია, ვიდრე დერეფანი. ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ღერძია, თუმცა ამავდროულად აქვს პოტენციალი, რევოლუციურად შეცვალოს სომხეთის სტრატეგიული მდებარეობა და ქვეყანა რეგიონში ვაჭრობის ცენტრალურ ჰაბად აქციოს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, შეთანხმება აგვარებს აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო საკითხს, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, თუმცა მისი გავლენა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
„ამ შეთანხმებას შეუძლია, ძალიან ძლიერად გარდაქმნას სომხეთის ეკონომიკა“, – აღნიშნა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის შეფასებით, დერეფნის გახსნა შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და სომხეთს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების მნიშვნელოვან რგოლად აქცევს. მისი თქმით, ამ პროცესით საბოლოოდ ყველაზე მეტად სწორედ სომხეთის მოქალაქეები ისარგებლებენ.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ TRIPP-ის შეთანხმებამ ახალი ეტაპი გახსნა აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობებში.
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან საკმაოდ სტაგნაციური იყო. ამ შეთანხმებამ ახალი სიცოცხლე შთაბერა ორმხრივ თანამშრომლობას და შესაძლებლობა მოგვცა, სხვადასხვა სფეროში ახალი პროექტები განვიხილოთ“, – თქვა მან.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ უკვე მუშაობს იმაზე, რომ პროექტში ამერიკული კომპანიებიც აქტიურად ჩაერთონ.
საუბარია როგორც რკინიგზის, ავტომაგისტრალებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, ისე დერეფნის ამოქმედების შედეგად შექმნილ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.
„ჩვენ არ ვითხოვთ ეკონომიკურ მონოპოლიას. გვინდა, ამერიკულ კომპანიებს ჰქონდეთ სამართლიანი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და ხშირად სომხურ კომპანიებთან პარტნიორობით შექმნან ორმხრივად მომგებიანი შედეგები“, – განაცხადა რუბიომ.
სენატში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო რეგიონში რუსეთის როლს და აღნიშნა, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა სომხეთში ამერიკის მზარდი ჩართულობით.
„რუსები სულაც არ არიან კმაყოფილი იქ ჩვენი ჩართულობით. ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ სურთ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა არჩევნები წააგოს სწორედ აშშ-სთან მზარდი ურთიერთობის გამო“, – განაცხადა რუბიომ.
26 მაისს ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს „სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“. მათ ასევე გააფორმეს ჩარჩო მემორანდუმი კრიტიკული და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მირზოიანმა თქვა, რომ პირველი დოკუმენტისგან განსხვავებით, 26 მაისს ხელმოწერილი ქარტია უფრო მდიდარია და ახალ შესაძლებლობებს იძლევა მნიშვნელოვანი სექტორებისთვის.
რუბიომ სენატში კიდევ ერთხელ შეაფასა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში პარაფირებული შეთანხმება, როგორც „ნამდვილი გარღვევა“ და განაცხადა, რომ მისი მნიშვნელობა საერთაშორისო მედიაში სათანადოდ არ არის შეფასებული.
„გასულ აგვისტოში თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ჩამოვიდნენ ამ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. წარმოიდგინეთ, შიიტი მუსლიმური ქვეყანა, აზერბაიჯანი და სომხეთი – მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, გაერთიანდნენ, რათა ხელი მოეწერათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ეს ნამდვილი გარღვევა იყო“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.