კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს დაუჭირა მხარი

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის ამნისტიის პროექტს დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციის მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

კანონპროექტების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე „ლელომ“ დააყენა ინიციატივა, რომ პროექტების განხილვა გადაიდოს, სანამ არ იქნება დამოუკიდებელი დასკვნა, რამდენადაა შესაბამისობაში ეს კანონპროექტები ადამიანის უფლებებთან, ასევე, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტების მხარდაჭერამდე უნდა მოუსმინონ სახალხო დამცველს და პროკურორსაც.

დღევანდელ განხილვაზე გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა დააყენა კიდევ ერთი ინიციატივა, რომ ამნისტია არ შეეხოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გავრცელდეს რიგით პოლიციელებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვას უხმაუროდ არ ჩაუვლია. დაპირისპირება იყო „ლელოს“ წევრ ლევან სამუშიასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის.


საქართველოს პარლამენტში წარდგენილია ამნისტიის ორი – ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ – კანონპროექტი.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში. ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი კი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.