ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა იმ რეგიონებში, სადაც იყო აფეთქების კერა. მისი თქმით, ამის საჭიროება გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ამ რეგიონში კორონავირუსის ინფიცენტობის მაჩვენებელი აღემატება 14-ის ნიშნულს.
„რეგიონულ ჭრილში, აჭარაში ინციდენტობა აღემატება 14-ის ნიშნულს, რაც მნიშვნელოვნად უფრო საყურადღებოს ხდის აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა იმ რეგიონებში, სადაც იყო აფეთქების კერა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უფრო მეტად გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანიის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში.
„ასევე, განხორციელდება მონიტორინგი და დაწესებულებებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია დავალებული აქვთ თითოეული ბენეფიციარის ან პერსონალის მონიტორინგი თერმოსკრინინგის კუთხით. მოხდება ამ დაწესებულებების გადამოწმებაც, თუ როგორ ხდება ეს მონიტორინგი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, მონიტორინგი ასევე გამკაცრდება სატრანსპორტო საშუალებებშიც.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას და ასევე, სრულიად საქართველოს მოსახლეობას. კოვიდის პანდემია, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ვერცერთი მთავრობა ვერ უმკლავდება მარტო. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საზოგადოების სრული ჩართულობა და მაღალი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ინციდენტობის მაჩვენებელზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. მისი განმარტებით საქართველოს ინციდენტობის მაჩვენებელია 2,3-ია.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ქვეყანაშიც და განსაკუთრებით აჭარაში ახალი შემთხვევების ზრდა, ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ჩვენი ინციდენტობის მაჩვენებელია 2,3. ე.წ. ზღურბლი არის 5-მდე. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ, საქართველო ვართ ისევდაისევ უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონაში”, – აღნიშნა მან.
გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნის ინციდენტობის მაჩვენებელისგან განსხვავებით, მეტად საყურადღებოა რეგიონალური მაჩვენებლები.
„აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი მაღალია – სადღაც 14-ის ფარგლებში გვაქვს 2 კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება და მეტი ღონისძიებები ტარდება აჭარის რეგიონში, რომ ინფექცია არ იქნეს გატანილი აქედან. მინიმიზაცია გავაკეთოთ ინფექციის ექსპორტისა სხვა რეგიონებში და თითონ აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში მოვახდინოთ ინფექციის ლოკალიზება და გავწყვიტოთ ე.წ. გადაცემის ჯაჭვი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ კუპირება ამ ეპიდაფეთქების“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.