აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ნამახვანჰესის პროტესტის კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

ქართული და უცხოური აკადემიური სივრცის წარმომადგენლები რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობის მხარდასაჭერად მორიგ წერილს აქვეყნებს.

საქართველოს და მსოფლიოს უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების სტუდენტები, ლექტორები, მკვლევრები, ადმინისტრაციული თანამშრომლები და სამეცნიერო საქმესთან დაკავშირებული სხვა ადამიანები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას რიონის ხეობის მცველებისადმი. ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას იმ მოთხოვნებისადმი, რასაც რიონის ხეობის მცველები წინაპირობად აყენებენ სახელმწიფოს მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ დირკ ბუშლეს ხელმძღვანელობით დაგეგმილი მედიაციის პროცესის დასაწყებად. გთავაზობთ მათ წერილს:

„როდესაც პირველი წერილი გამოვაქვეყნეთ, პროტესტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და რასაც მაშინ სურვილის სახით გამოვთქვამდით, მას მერე მართლაც მოხდა: რიონის ხეობის მცველთა თავდაუზოგავი და მშვიდობიანი ძალისხმევის წყალობით, მათ გარშემო გაერთიანდა არა მხოლოდ საქართველოს სხვა მრავალი თემი, რომელთაც მსგავსი პრობლემები უდგათ, არამედ რიონის ხეობის ბრძოლამ შემოიკრიბა და გაამხნევა ხალხის წინააღმდეგობა საქართველოს მრავალ ინდუსტრიულ და სამთო-მომპოვებელ ცენტრშიც. უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე მათ მთელი ქვეყნის საზოგადოებაში აღძრეს თვითორგანიზების, განსჯისა და მოქალაქეობრივი ზრდის პროცესი, რომელიც, პარტიული და საპარლამენტო ბრძოლების სივრცისგან დამოუკიდებლად, სულ უფრო აფართოვებს თავის სამოქმედო თუ სააზროვნო არეალს.

რიონის ხეობის მცველთა თანმიმდევრულობის წყალობითვე ერთი-მეორის მიყოლებით ჩამოეხნა ნიღაბი იმ ეკონომიკური, სამართლებრივი და სამართალდამცავი სისტემის ძირეულ მანკიერებებს, რასაც საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე აყალიბებდნენ ხელისუფლებები. ამ სისტემური მანკის თვალნათელი განსხეულებაა გუმათის გზაზე აღმართული რკინის კედელი. ბოლო თვეებში საკუთარი მოქალაქეებისთვის თავსდატეხილი ძალადობით და შუაგულ იმერეთში საოკუპაციო რეჟიმის დაწესებით ქართულმა სახელმწიფომ შეუნიღბავად გვამცნო, რომ ის, რასაც  „განვითარებად“ გვასაღებენ, გულისხმობს დემოკრატიისა და თავისუფლების ყველა პრინციპის ფეხქვეშ გათელვასა და რეალური განვითარების უგულებელყოფას.

ჩვენ, აკადემიური მუშაობის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანები, საკუთარ დარგობრივ ცოდნასა თუ კვლევებზე დაყრდნობით ვადასტურებთ, რამდენად პრობლემურია „განვითარების“ ეს გაბატონებული მოდელი. ჩვენ ეკონომიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, კულტურულ, გეოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, არქეოლოგიურ თუ სხვა დარგობრივ ჭრილში ვხედავთ იმ რისკებსა და ფასს, რადაც გვიჯდება ჩვენი ხელისუფლებების მიერ ჩვენი, ხალხის დაუკითხავად არასწორად გადადგმული ნაბიჯები. რასაც ჩვენ უბრალოდ ვადასტურებთ, რიონის ხეობის მცველები არა მარტო ამბობენ, არამედ ყოველდღიურად აკეთებენ კიდეც –  ისინი თავიანთი სხეულებით, ფიზიკური და სულიერი სიმტკიცით მოწმობენ, რას ნიშნავს, როცა მათივე ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებას დებს. ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, კერძო ინვესტორი ნებისმიერ ფასად დაიცვას ხალხის პროტესტისგან და გადააბიჯოს ქვეყნის კონსტიტუციას.

ამ უკიდეგანო უსამართლობით შეურაცხყოფილები, ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს რიონის ხეობის მცველთა გადაწყვეტილებას, არ ჩაერთონ მედიაციის პროცესში, სანამ არ დაკმაყოფილდება ის აუცილებელი პირობები, რომელთა შესრულების გარეშეც ყოველგვარ მედიაციას აზრი ეკარგება:

პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აიღოს გუმათჰესთან არსებული რკინის ბარიკადები, ხეობიდან გაიყვანოს საპოლიციო ძალები, შეწყვიტოს პროტესტის მონაწილეთა მიმართ რეპრესიული და სამართლებრივი ღონისძიებები და რიონის ხეობის მცველებსა და მათ მხარდამჭერებს მისცეს საშუალება, დაუბრუნდნენ პროტესტის თავდაპირველ ადგილს სოფელ ნამოხვანში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხეობაში კომპანია „ენკას“ უკანონოდ მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტა, რათა დაიწყოს მედიაციის პროცესი.

საუნივერსიტეტო წრის წარმომადგენლები, ჩვენი მხრივ, ვუდასტურებთ ბატონ ბუშლეს, რომ, დანარჩენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენც სრულად ვიზიარებთ რიონის ხეობის მცველების მიერ წამოყენებულ პირობებს; ხოლო ხელისუფლებას, ამ პირობების დაკმაყოფილების მიღმა, მოვუწოდებთ თვალი გაუსწოროს იმ მყარ მოცემულობას, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულების გარშემო დაძრულია ჭეშმარიტად სახალხო მასშტაბის მოძრაობა, რომლის წინაშეც ყოველგვარი რეპრესია და რკინის კედელი უძლურია.

დროა, ხელისუფლება თავად დროზე ჩაერთოს დამოუკიდებლობის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრებაში. ეს პოლიტიკა გულისხმობს ენერგორესურსების აგრესიულ ათვისებასა და უცხოური ინვესტიციების „მოზიდვას“ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების შემლახველი პირობებით, რაც ადამიანებს სხვას აღარაფერს უტოვებს, საზღვარგარეთ შრომით მიგრაციაში წასვლის გარდა. “ენკასთან“ ნამოხვანჰესის თაობაზე დადებული ხელშეკრულება ყოველგვარი შინაარსისგან ცლის და აბუჩად იგდებს “დამოუკიდებლობის“ ცნებას და გვწირავს იმისათვის, რომ ეკონომიკურად სრული დამოკიდებულობის მდგომარეობაში ჩავრჩეთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ნამოხვანჰესის ხელშეკრულება, თავისი ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-სახალხო ხასიათით, არ არის ცალკეული შემთხვევა: ასზე მეტი დაგეგმილი ჰესის პროექტიდან, ყველა ხელმოწერილი თუ უკვე მიმდინარე პროექტის შემთხვევაში, “ენერგოდამოუკიდებლობის“ არგუმენტს აბათილებს თავად ხელშეკრულებებში ჩადებული და ხელმოწერისას სახელმწიფოს მიერ გაუაზრებელი პირობები, რომლებიც სახელმწიფოს მძიმე ფისკალურ რისკებს აკისრებს, მას ავალდებულებს, მაღალი ტარიფით გარანტირებულად შეისყიდოს გამომუშავებული ენერგია და არც იმის გარანტიას იძლევა, რომ, საბოლოოდ, გამომუშავებული ენერგია ქვეყნის შიგნით დარჩება. ნამოხვანჰესის შემთხვევაშიც, ინვესტიციის ამუშავების დასაჩქარებლად, სახელმწიფომ კომპანიას უფლება მისცა, კანონით სავალდებულო კვლევები ნაწილობრივ წარედგინა, და წინასწარ გასცა სამუშაოების დაწყების ნებართვა, რომელთაც “მოსამზადებელი“ ერქმევა, სინამდვილეში კი უკვე არსებითად ცდება მოსამზადებელ ეტაპს. რაც მთავარია, იმ პირობებში, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები ან უგულებელყოფილია ან მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული, სახელმწიფოს კომპანიისათვის უკვე აქვს გადაცემული სიმბოლურ ფასად ასობით ჰექტარი მიწა და შემდგომშიც აძლევს კომპანიას საშუალებას, დამატებითი დასაბუთების გარეშე მოითხოვოს დამატებითი მიწა და წყლის რესურსი, რომელთა მოხმარებაც ყოველგვარი ლიცენზიისა და კონტროლის გარეშე შეეძლება.

დროა, სახელმწიფომ ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავოს  გრძელვადიანი სტრატეგული გეგმა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი ჰიდროელექტროსადგურები. ხოლო, თუ ქვეყანას მართლაც ესაჭიროება დამატებითი ენერგია, სახელმწიფომ იზრუნოს ალტერნატიული, გარემოსადმი უფრო მეგობრული ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომლებიც არც პრიორიტეტულ სექტორებად გამოცხადებული ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პოტენციალის ათვისებასთან მოვა წინააღმდეგობაში.

დროა, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს, რამხელა მასშტაბის ეკოლოგიური და დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას: ქვეყანა ისედაც ვერ უმკლავდება სამხედრო კონფლიქტების შედეგად აყრილ ასიათასობით ლტოლვილს. 1990-იანი წლებიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება ქვეყნიდან ეკონომიკური ემიგრაცია და სწორედ შრომით მიგრანტთა რეგულარული ფულადი გადმორიცხვებია ის, რაც კიდევ ელემენტარულ სტაბილურობას სძენს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებას. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოსთვის უცხო არ არის ეკოლოგიური მიგრანტების ფენომენიც. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ღრმად შეტოპავს სახელმწიფო საკუთარი წყლების, მიწებისა და მათ ქვეშ არსებული წიაღისეულის ველური ათვისების პოლიტიკაში, ამ პატარა ქვეყანაში სულ უფრო დავიწროვდება საცხოვრებლად ვარგისი სივრცე, რისი დღევანდელი შემზარავი მაგალითიცაა საძირკველგამოშიგნული სოფელი შუქრუთი. დიდი და მცირე ჰესების ყოველგვარი კომპლექსური ეკონომიკური და ეკოლოგიური გათვლის გარეშე მშენებლობის შედეგად უცხოვრებელი შეიქნება არა მხოლოდ დასატბორი არეალები, არამედ მათ მახლობლად დანესტიანებული და გაუწყლოებული გარემოც. ერთი თაობაც საკმარისია ამგვარი პოლიტიკის პირობებში და სულ მალე მოვესწრებით მიგრაციის ისეთ ტალღებს, როცა ადამიანებს უკან მოტოვებული სახლებიც კი არ ექნებათ, სადაც საზღვარგარეთ გამომუშავებულ ფულს გადარიცხავენ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ რიონის ხეობის მოძრაობის მოწინავე მხარდამჭერებად სწორედ ქვეყნიდან გადახვეწილი შრომითი მიგრანტები იქცნენ, რადგან ამ ბრძოლაშია თავმოყრილი მათი სამშობლოდან მოწყვეტის მიზეზიც და იმედიც, რომ დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამ  მტკივნეული საზოგადოებრივი ძვრების გასიგრძეგანების გარეშე შეუძლებელია ნამოხვანჰესის გარშემო დავაში მიიღწეს რამე, რაც ღირსი იქნებოდა, ერქვას „სამართალი“.

ხელისუფლებამ კი, ქვეყნის საარსებო გარემოს წინაშე მდგომი საფრთხეებისა და მზარდი საზოგადოებრივი მოძრაობის პირისპირ, დროა შეიგნოს, რომ  ყველაზე გონივრული და პროგრესული იქნება, თავადვე შეაჩეროს „განვითარების“ სახელით შენიღბული ეს ნგრევა, აიღოს პასუხისმგებლობა უკვე დამდგარ ადამიანურ და ბუნებრივ ზიანზე და, რაც მთავარია, გაითავისოს, რომ რაც უფრო მალე გამოიჩენს ამისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას, მით ნაკლებ უხეში იქნება უფსკრულის წინაშე დამუხრუჭება.

კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხოვთ, სახელმწიფომ უპირობოდ დააკამყოფილოს მედიაციის პროცესის დაწყების წინაპირობად წამოყენებული მოთხოვნები. წინამდებარე წერილზე აკადემიური სივრცეებიდან ონლაინ-სივრცეში გაფანტულ სტუდენტთა, მკვლევართა, ლექტორთა და სხვათა მიერ დატანებული თითოული ხელმოწერა თითო გამაფრთხილებელი დაბრახუნებაა გუმათში აღმართულ რკინის კედელზე”, – ნათქვამია წერილში.