დღეს, 3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს, სადაც მედიას სოლიდარობას უცხადებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს აფასებს.
“საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.
“ჟურნალისტი ქალი, „აზრის თავისუფლებისთვის“ სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია. საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი (აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე (i); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე (ii) და არასათანადო მოპყრობის თაობაზე (iii)), ხოლო, მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი” – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია იმ ფაქტებზე, რომ ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის – დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის. ხშირია მათ მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის განცდას.
Freedom House-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკებს იყენებენ. ამ მხრივ, ცალკე აღსანიშნავია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, შემთხვევა, როდესაც 2026 წელს, სახელმწიფომ, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიებისა, ის აზერბაიჯანში გააძევა.
„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ კრიზისში განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობს. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ინტენსიურად და სწრაფად იცვლება კანონმდებლობა. ამ პროცესში უგულებელყოფილია საერთაშორისო სტანდარტები, რეპუტაციული საერთაშორისო შეფასებები (მაგალითად, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნები) და ქვეყნის შიგნით არსებული უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოსაზრებები. „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებით ქმნის სხვადასხვა სფეროში რეპრესიის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ფორმალურ-სამართლებრივ იარაღებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი აშკარა სამიზნე თავიდანვე იყო გამოხატვის თავისუფლება და მედიის საქმიანობა”. – წერია განცხადებაში.
საია ცამოთვლის მთავარ შემზღუდავ საკანონმდებლო ბერკეტებს:
“1) 2024 წელს მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ აცხადებს ისეთ მედიასაშუალებებს, მათ შორის, მაუწყებლებს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. მასტიგმატიზებელ რეესტრში რეგისტრაციის გარდა, ეს გულისხმობს ამ ორგანიზაციებისთვის ინტენსიური ანგარიშგების ვალდებულების დაკისრებას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში – მაღალ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. კანონი მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა. ეს კანონი კვლავ ძალაშია.
ეს კანონი საიას და სამოქალაქო საზოგადოების კიდევ 100-ზე მეტი ორგანიზაციის (მათ შორის, მედია ორგანიზაციების) სახელით გასაჩივრებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2) ე.წ. FARA-ს ფართო და ბუნდოვანი დებულებები ახალისებს თვითცენზურას და შესაძლებლობას იძლევა, ამ კანონით გათვალისწინებული მასტიგმატიზებელი სტატუსი, ექსტენსიური ანგარიშგების სისტემა და სხვა ვალდებულებები, ასევე, სისხლისსამართლებრივი სანქციები თვითნებურად იყოს გამოყენებული, მათ შორის, გამოხატვის და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ.
ეს კანონი საიას და კიდევ 2 მედია ორგანიზაციის სახელით გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3) სამოქალაქო საზოგადოების და მედიის უცხოური დაფინანსება საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნეა. დაფინანსების შეზღუდვა რამდენიმე საკანონმდებლო აქტითაა გამოწვეული, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას. სხვა ფორმის მედიასაშუალებებისთვის, ამ მხრივ, რელევანტურია ე.წ. FARA-ს საფუძველზე და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი რეგულაციები, რომლის შედეგად, დაფინანსების მიღება მთავრობის ნებაზე დამოკიდებული ხდება. ეს კი საფრთხეს უქმნის მთავრობის მიმართ კრიტიკულ მედიებს. ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ რეგულაციები მედიასაშუალებებს უბიძგებს, თავად თქვან უარი უცხოურ დაფინანსებაზე „აგენტის“ იარლიყის თავიდან ასაცილებლად.
4) მაუწყებლობის შესახებ კანონში „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური განუჭვრეტელი რეგულირება ქმნის კრიტიკული მაუწყებლების თვითნებური დასჯისა და გაუმართლებელი შინაარსობრივი კონტროლის საფრთხეს.
5) სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის მომწესრიგებელი ახალი ნორმები პრაქტიკაში სრულად კრძალავს ამ საქმიანობას, უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს, პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებას, იმავდროულად, მიზნად ისახავს მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გაშუქების ხელშეშლას.
6) ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში“ ასუსტებს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა მიზანიც საჯარო დისკურსის დაცვა იყო და მედიას (ასევე, სხვა აქტორებს) უფრო მოწყვლადს ხდის SLAPP-ების მიმართ.
“ამ მძიმე მდგომარეობაში საია სოლიდარობას უცხადებს ჯერ კიდევ ფუნქციურ თავისუფალ მედიას და გააგრძელებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.