ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ გოგელიას კლინიკაში პაციენტები C ვიტამინით აცრეს - ტიკარაძე

პუბლიკა

„ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ ის კონკრეტული პაციენტები C ვიტამინით აცრეს. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში. ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამისს უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ ყველა დეტალში. გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, რა თქმა უნდა, გადაგზავნილია პროკურატურაში და მათი მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ, C ვიტამინის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი“, – აცხადებს მინისტრი.

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, მან კლინიკაში სეზონური გრიპის აცრაზე ჩაწერა დედა-შვილი და საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ორივეს გაუკეთდა C ვიტამინი.

სავარაუდოდ, C ვიტამინის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.