ამ პიროვნებას არ შევიწყალებ - სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუაზე

პუბლიკა

მე ჩემ წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებითვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატისაკენ.” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

გუშინ გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტს არაერთმა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა გიორგი რურუას შეწყალებისკენ.

ტელეკომპანია „მთავარის“ თანადამფუძნებელ გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გამოუხმარა.  „ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

„არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა“. – განაცხადა რიშმა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.