აქტივისტებმა, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ადგილზე მორიგეობა დაიწყეს

პუბლიკა

ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, მშენებლობის ადგილზე მორიგეობა დაიწყეს. მათი მოთხოვნაა, მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან გავიდეს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.

„5-7 აქტივისტი ადგილზე ვათევთ ღამეს. კიდევ უფრო მეტი ადამიანია აქ დღის განმავლობაში, დილიდან დაღამებამდე. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, გაიყვანონ ტექნიკა და შეწყდეს სამუშაოები. სანამ კომპანია ამას არ გააკეთებს, ვიმორიგევებთ აქ. კომპანიას გარკვეულ ვადას ვაძლევთ ხუთშაბათამდე. ხუთშაბათს ვაანონსებთ დიდ აქციას, რომელზეც მასობრივად ბევრი ადამიანი მოვა და კომპანიას პირდაპირ მოვთხოვთ, გავიდნენ და გაიყვანონ ტექნიკა…“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან“.

  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.48.04
  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.38.19 (1)
  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.38.19
  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.43.23 (1)
  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.38.20
  • WhatsApp Image 2020-10-27 at 11.43.23
  • 01 /

 

„პუბლიკასთან“ საუბრისას კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, კომპანიას საამისოდ შესაბამისი ნებართვაც აქვს და პროცესიც კანონმდებლობის დაცვით მიდის.

გასულ თვეს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავდა, რომ კომპანიის მიერ დასახელებული სამუშაოები ვერ მიიჩნევა მოსამზადებელ სამუშაოდ და რომ ეს უკვე მშენებლობის დაწყებაა.

„პუბლიკა“ დამატებით ელოდება „ენკისგან” კომენტარს, ამ ეტაპზე ადგილზე რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, რა სახის ნებართვა აქვს კომპანიას, რა პოზიცია აქვთ მოსახლეობის პროტესტზე და აპირებენ თუ არა მათთან კომუნიკაციას. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ამავე თემაზე:

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;

► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.