არ მომწონს უფასო სასკოლო კვების მსგავსი პროგრამები. იგივეა, რომ პურის დარიგება დაიწყოს სახელმწიფომ - ჯაფარიძე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს არ ეხება მხოლოდ ბავშვებს. მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებშიც არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან.

„პრობლემები რომ არის ამ კუთხით ქვეყანაში და მძიმე სიტუაციაა, მაგას ბევრი კვლევა აჩვენებს. მე არ მგონია, რომ მარტო ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა. გაეროს სტანდარტით, ბავშვი ითვლება სადღაც 14 წლამდე, 14-დან 25 წლამდე მიიჩნევა, რომ ეს არის მოზარდი ან ახალგაზრდა და, სამწუხაროდ, ეს პრობლემები, რაც სიღარიბეს უკავშირდება, მერეც არ ქრება.

ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში და სტუდენტები არიან, რომლებსაც შუადღისას კვების პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ ფული არ აქვთ. შესაბამისად, ზოგადად, პრობლემაა ქვეყანაში, ამ მხრივ.

მე არ მჯერა, რომ საქართველოში შესაძლოა მასობრივად არსებობდნენ ოჯახები, რომლებიც არიან შეძლებულები და ამ ოჯახებში ბავშვები შიმშილობდნენ ან რაიმე სახით კვების პრობლემა ჰქონდეთ. ისევე, როგორც არ მჯერა, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ღარიბი, გაჭირვებული და ბავშვები შეძლებულად ცხოვრობდნენ. ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ჩვენ გვყავს ქვეყანაში ბევრი ღარიბი ოჯახი და ამ ღარიბ ოჯახებში როგორც ბავშვს აქვს სერიოზული პრობლემები, ისე ზრდასრულებსაც და ამ ბავშვების მშობლებსაც“, – ამბობს ჯაფარიძე.

სწრაფი ეკონომიკური განვითარება, გამართული სოციალური დახმარების სისტემა და კორუფციის მოსპობა – ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს სამი საკითხი ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად და ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას სწრაფი ეკონომიკური განვითარებით. მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრობლემები აღარ დგას.

ასევე, ნებისმიერ ქვეყანაში, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, მნიშვნელოვანია, რამდენად გამართულია სოციალური დახმარების სისტემა. ღარიბ ქვეყანაში გასაგებია, რომ მსგავსი პრობლემები გაცილებით მეტია იმიტომ, რომ ისედაც ცოტაა „გადასანაწილებელი“. მინიმუმ, იმაზე უნდა ზრუნავდეს ჩვენნაირი ქვეყანა, რომ ეს გადანაწილების პროცესი იყოს სწორი და გამართული.

მე სადაც ვხედავ პრობლემას საქართველოში, არის ის, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ე.წ. გადანაწილებას ვაკეთებთ ათასნაირი კრიტერიუმით. მაგალითად, ჩვენ ვეძახით პენსიას ასაკში მყოფი ადამიანების დახმარებას ან ლტოლვილის სტატუსის გამო ვეხმარებით ადამიანებს. მოკლედ, არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის გამოც ჩვენ ფულს ვანაწილებთ და ეს ფული ყოველთვის არ მიდის იმ ხალხთან, ვისაც მართლა სჭირდება და სხვა საარსებო შემოსავალი ფიზიკურად არ აქვს. სისტემა უნდა გაიმართოს ისე, რომ ფული მიდიოდეს იმათთან, ვისაც ამის საჭიროება აქვს, ანუ გაჭირვებულ ოჯახებში და არანაირი სხვა კრიტერიუმი არ უნდა არსებობდეს.

ასევე, კორუფციაა ძალიან სერიოზული პრობლემა. ბიუჯეტიდან დიდი ნაწილი, ერთი მხრივ, იპარება და მეორე მხრივ – იხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, ის თანხა, რომელიც უნდა იხარჯებოდეს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, უბრალოდ იფლანგება“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრების კომენტარებსაც, რომელთა მიხედვით, პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სიღარიბის დასაძლევად.

მისი თქმით, კორუფციის აღმოფხვრის შემთხვევაში, ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს, რომ ბიუჯეტიდან თანხა ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს.

„უამრავი ადამიანია, რომელიც დასაქმებული ჰყავთ სახელმწიფო კომპანიებში, სსიპ-ებში, ააიპ-ებში და უხდიან ხელფასს იმიტომ, რომ შემდეგ ეს ხალხი სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ყველაფერს თუ გამოვასწორებთ ქვეყანაში და თანხა დაიხარჯება მიზნობრივად, შესაძლებელია, ბევრად უკეთესი სიტუაცია იყოს. პოლიტიკური მიზნების მიღწევის ნაცვლად, ფული რომ სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებში წავიდეს, ბავშვის კვების თუ სხვა პრობლემა აღარ იქნება.

რაც შეეხება „ოცნების“ წევრების კომენტარს, ტყუილია, რომ მეტი რესურსი არ არის – გააჩნია, ვის შეედრები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნების დონეზე ვერ მივალთ და გასაგებია ეს, მაგრამ რაც გვაქვს, ის რესურსი ბევრად უკეთესად შეიძლება გადანაწილდეს და დაიხარჯოს და მოქალაქეების კეთილდღეობას, ოჯახების გაძლიერებას მოხმარდეს“ , – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებულ ინიციატივასაც და ამბობს, რომ მას არ სჯერა მსგავსი პროგრამების და მიიჩნევს, რომ ოჯახებისთვის ყველაზე ეფექტიანი ფულადი დახმარება იქნება. მისივე თქმით, ოჯახებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ბავშვს საკვებს უყიდიან, თუ რაიმე სხვა საჭიროებას დააკმაყოფილებენ.

„მე არ მომწონს მსგავსი პროგრამები. ზოგადად, არ მგონია, რომ სახელმწიფოს საქმე იყოს საკუთარ მოქალაქეებს რაღაცა ტიპის პროდუქტები შესთავაზოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ კვების პრობლემები ვისაც აქვს, პურის დარიგება დაუწყოს სახელმწიფომ. ეს არის ყოველთვის არასწორი.

მე რისიც მჯერა არის ის, რომ დახმარების პროგრამები უნდა იყოს ფულადი და გაჭირვებულ ოჯახებს ჩვენ უნდა მივცეთ ფული. არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის, კონკრეტულ დღეს ოჯახის პრიორიტეტული საჭიროება რა არის, ამიტომ უნდა მივცეთ ფული და ოჯახმა თვითონ გადაწყვიტოს, რაში დახარჯავს.

თუ ბავშვს საჭმელი სჭირდება, არავინ გიჟი არ არის, შვილს საკვები მოაკლოს, ამიტომ, ვისაც რა საჭიროება აქვს, იმას დაიკმაყოფილებს. ვინმეს შეიძლება საჭმლის პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ ტანსაცმელი იყიდოს, ვიღაცამ შეიძლება შეაგროვოს და ნოუთბუქი უყიდოს ბავშვს და ეს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს, დროის კონკრეტულ მომენტში, წყვეტს ოჯახი.

არ არსებობს ზოგადი და დროში განვრცობილი საჭიროებები და ის, რომ საქართველოში  ყველა ოჯახს ან ბავშვს რაღაცა კონკრეტული სჭირდება, არის ზღაპარი. პრიორიტეტები იცვლება სხვადასხვა გარემოების გამო და მარტო გაჭირვებულმა ოჯახებმა იციან ყოველდღიურად მათთვის რა არის საჭირო. ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ფულის მიცემას და ოჯახებმა თვითონ გადაწყვიტონ რას უყიდიან ბავშვს“, – აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.