არ ვიზიარებ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ პოზიციებიდან – ბოკერია

პუბლიკა

„დიდ პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე, მათ შორის, განახლებისა და პერსონალურ საკითხზე, ხოლო შემდეგ, ყრილობაზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ყველა შემთხვევაში აპირებს, დარჩეს აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიუღია. მისი თქმით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასა და განახლების კონკრეტულ ფორმებთან.

„აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც გიგიმ და დათომ თქვეს, იმიტომ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მე-3 ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რაც იყო, მანიპულაციის მიუხედავად, ამას ნამდვილად ვიზიარებ, რომ სერიოზული განსჯის საგანი გახდა და კიდევ უნდა გაღრმავდეს ეს დისკუსია. ოღონდ, მე არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი საიმისოდ, რომ ლიდერები გაიწონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ პოლიტიკაში არსებობენ ისეთი ლიდერები, რომლებიც დიდი ხანი დარჩნენ პოლიტიკაში და ამით დააზიანეს გუნდი, მაგრამ ასევე არიან ლიდერებიც, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას განახლების შანსი არ დაუტოვეს.

ბოკერიას მიაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების პასუხისმგებლობაა, პარტია იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საკითხსა და საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში სერიოზული კონკურენტი. მისი თქმით, აქედან გამომდინარეობს მისი გადაწყვეტილება, რომ არ აპირებს აქტიური პოლიტიკიდან წასვლას.

გიგა ბოკერიას თქმით, ის ეცადა დავით ბაქრაძის და გიგი უგულავას გადარწმუნებას, თუმცა მსჯელობის მედიაში „გაჟონვამ“ დააჩქარა ყველაფერი.