აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას – ჭიაბერაშვილი

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სახელწოდებით „ჩემი გადაწყვეტილების შესახებ“, –  „აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემ გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას“. – წერს ჭიაბერაშვილი.

„გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას“. – ვკითხულობთ ზურაბ ჭიაბერაშვილის პოსტში. პოსტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისში გაფართოებულ სხდომაზე, პარტიის წევრთა განმარტებით, პარტიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პარტიიდან დავით ბაქრაძის წასვლის შესახებ, რასაც პარტიის ლიდერები არ ადასტურებენ. თავად ბაქარაძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით პარტიაში განახლება და ცვლილებები საჭიროა.