მაისიდან ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში - დავით ბაქრაძე

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის ყრილობის შემდეგ, მაისიდან „იღებს პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ რჩება ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე“.

„მე არ მივდივარ პოლიტიკური, ოპოზიციური ფლანგიდან. მე არ ვცვლი ჩემს პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან პარლამენტში შესვლა ამ ვითარებაში არ განიხილება. საპარლამენტო ბოიკოტი არის ძალაში, ჩემი მხრიდან ისევ ძალაშია ყველა მოთხოვნა, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გამოშვებას, ამიტომ მე მაისიდან, როდესაც ყრილობა ჩატარდება, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეკითხვაზე, რა მიმართულებით გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, დაწყებული დისერტაცია დაასრულოს ან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიღებულ მიწვევებს დასთანხმდეს და დასძენს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.

„პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება. დღეს საზოგადოების დაკვეთაა, პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრშიც მიმდინარეობდეს განახლება, ჩნდებოდნენ ახალი სახეები და არ არსებობდნენ მუდმივი ლიდერები. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ „ევროპულ საქართველოში“ ჩემი ოთხწლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის, მაგრამ კიდევ 4 წლით დარჩენა იქნება ცუდი, რადგან ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიტყვა „ევროპული“ არ არის მხოლოდ პარტიის სახელი – ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას, მუდმივ როტაციას, ამიტომ როგორც ლიდერს, მინდა ამ პარტიისთვის განახლებისა და როტაციის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი არჩევნების შედეგებია.

„მიუხედავად გაყალბებისა, არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი“, – აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ ლიდერმა შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მიუხედავად იმისა, ეს მისი ბრალია, თუ არა.