შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა.
გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვებულ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ.
გამოძიების მსვლელობისას, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი სახელმწიფო სერვისცენტრებში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.