„არავის უცემია, ყველაფერს სიმულირებდა“ - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ჯეიხუნ მუჰამედალიზე

პუბლიკა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი არავის უცემია და ის ყველაფერს „სიმულირებდა“.

„მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. არ მომხდარა ეგ ფაქტი. მაჩვენეთ. ჩემი თვალით დავინახე, ჯეიჰუნი გარბოდა, გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალტზე, ვითომ ნაცემია, ეგ არის უნამუსო ადამიანი.

…ეგ არის უნამუსო ადამიანი. სიმულაციობდა, ვითომ ნაცემი იყო, დაწვა და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ მას სცემეს. ბევრს შეუძლია, ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს“, –აცხადებს ჟურნალისტებთან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე.

გიორგაძის ამ განცხადებას უპასუხა ჯეიხუნ მუჰამედალიმ:

„ადამიანი ყველაზე უნამუსო უნდა იყოს და ყველაზე ზნეობადაცემული, რომ მითხრას, რომ რაღაცა სცენებს ვდგამდი. ექსპერტიზაზე შემიმოწმეს ყველაფერი, თავი გამიხეთქეს, სისხლი მომდიოდა. გიჟი ვარ, რომ თავი გავიტეხე? ხელები დაზიანებული მქონდა, პერანგი შემომახიეს… თუ ამირან გიორგაძე ამბობს, რომ ვტყუი, არ ვიცი, რა ვუთხრა, უნამუსო ადამიანი“, – განაცხადა ჯეიხუნმა.


29 სექტემბერს „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ჯეიხულ მუჰამედალის, მისივე თქმით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, როცა „ოცნების“ წარმომადგენელთა ჩაწერას ცდილობდა.

„მიკროფონი წამართვეს. მე უბრალოდ თავს ვუშველე. მეგონა, რომ მომკლავდნენ. რკინა და ხე იყო, თავი იქ შემაყოფინეს და ისე მირტყამდნენ. ძლივს გამოვიღე თავი იქიდან. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ შტაბის წინ ხდებოდა. „ოცნების“ ხალხი იდგა. მივედი უბრალოდ ახლოს. მე რო მცემდნენ, პოლიცია ყველაფერს ხედავდა. სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სცემეს, იქიდან 10 მეტრში მცემეს. პოლიცია იქვე იდგა. ჩართვიდან რომ გადმოვედი მეორე მხარეს.“ – განაცხადა ჯეიხუნ მუჰამედალიმ „მთავარი არხის“ ეთერში.

შსს ცნობით, ჯეიხუნ მუჰამედალის ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება „პირველი არხის“ ოპერატორის ცემის ფაქტზეც.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გივი ქველაძე და ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.

30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.